თანასწორი უფლებები და თანაბარი შესაძლობლობები სამართლიანი საზოგადოების დასამკვიდრებლად

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღე თბილისის იუსტიციის სახლში

3 December 2018

ფოტოს ავტორი: ლელი ბლაგონრავოვა/UNDP

3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს, თბილისის იუსტიციის სახლს ეწვივნენ გაეროს ხელმძღვანელი საქართველოში - ლუიზა ვინტონი, შვედეთის ელჩი საქართველოსა და სომხეთში - ულრიკ თიდესტრომი, და საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე - მიხეილ სარჯველაძე.

სტუმრები გაეცნენ იუსტიციის სახლში მიმდინარე ინიციატივებს, რომელთა მიზანია ფიზიკური სივრცისა და სერვისების სრული ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებისათვის. ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა იუსტიციის სახლის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებთან. სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს ჟესტების ენის ტრენინგში იუსტიციის სახლის ოპერატორებთან ერთად.

„გაერთიანებული ერების ორგანიზაციას მტკიცედ სჯერა, რომ თანაბარი უფლებები და თანასწორი შესაძლებლობები მდგრადი განვითარების საფუძველია,“ - განაცხადა ლუიზა ვინტონმა, გაეროს ხელმძღვანელმა საქართველოში. „იუსტიციის სახლი საქართველოს წინსვლის მაგალითია ინკლუზიური გარემოსა და ინკლუზიური სახელმწიფო სერვისების შექმნის საქმეში. ამ აშკარა წარმატების მიუხედავად, უფრო აქტიურ ქმედებებს ველოდებით შშმ პირების საჭიროებებზე მორგებული კანონმდებლობისა და პოლიტიკის შექმნაში, რომელიც ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის განხორციელებას“.

იუსტიციის სახლი საქართველოს ერთ-ერთი საჯარო სივრცეა, რომელიც სრულადაა ადაპტირებული შშმ პირების, მათ შორის ეტლით მოსარგებლეების, შეზღუდული სმენისა და შეზღუდული მხედველობის მქონე პირების საჭიროებებზე.

ამჟამად მიმდინარეობს იუსტიციის სახლის სერვისების ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. 750 ოპერატორი გაივლის გადამზადების კურსს შშმ პირების მომსახურებაში. ოცი ოპერატორი ეუფლება ჟესტურ ენას შეზღუდული სმენის მქონე პირების მომსახურებისათვის. იუსტიციის სახლის ინიციატივით შეიქმნა თანამედროვე სახელმწიფო სერვისების აღმნიშვნელი 50 ახალი ჟესტური სიმბოლო, რომლებიც ქართულ ჟესტურ ენაში ადრე არ არსებობდა. 2018 წლის ნოემბერში თბილისის იუსტიციის სახლში განხორციელდა პირველი მომსახურება ჟესტური ენის გამოყენებით.

გარდა ამისა, შეიქმნა სპეციალური სახელმძღვანელო შშმ პირების მომსახურების შესახებ, რომლის გამოყენება ყველა სახელმწიფო უწყებას შეუძლია.

იუსტიციის სახლის სივრცისა და სერვისების ადაპტირება საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის მთავრობისა და ევროკავშირის ხელშეწყობით მიმდინარეობს.

„შვედეთს დიდი გამოცდილება აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე მორგებული კანონმდებლობისა და პოლიტიკის შემუშავებაში, რაც საზოგადოების ცხოვრებაში მათ თანასწორ მონაწილეობას განაპირობებს. მოხარულები ვიქნებით ეს გამოცდილება საქართველოს გავუზიაროთ და ხელი შევუწყოთ ინკლუზიური და თანასწორი საზოგადოების მშენებლობას“, - აღნიშნა ულრიკ თიდესტრომმა, შვედეთის ელჩმა საქართველოსა და სომხეთში.  

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე 1992 წლიდან ყოველწლიურად 3 დეკემბერს აღინიშნება. მისი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და კეთილდღეობის დაცვა საზოგადოებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული საქმიანობის ყველა სფეროში. წლევანდელი საერთაშორისი დღის სლოგანია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გაძლიერება, საყოველთაობისა და თანასწორობის დაცვა“ , რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ყველა ადამიანის საჭიროებებზე მორგებული, თანასწორი და მდგრადი განვითარების მნიშვნელობას, რომელიც გათვალისწინებულია მდგრადი განვითარების 2030 დღის წესრიგით.          

საკონტაქტო ინფორმაცია

ფოტო კოლექცია

ფოტოს ავტორი: ლელი ბლაგონრავოვა/UNDP

ფოტოს ავტორი: ლელი ბლაგონრავოვა/UNDP

ფოტოს ავტორი: ლელი ბლაგონრავოვა/UNDP

ფოტოს ავტორი: ლელი ბლაგონრავოვა/UNDP

ფოტოს ავტორი: ლელი ბლაგონრავოვა/UNDP