ტრადიცია და ინოვაცია საქართველოს პროფესიულ განათლებაში

საქართველოს უძველესი პროფესიული სასწავლებელი 135 წლის იუბილეს ზეიმობს და მიმდინარე რეფორმების შედეგებს წარმოადგენს

2 October 2018

საქართველოს უძველესმა პროფესიულმა სასწავლებელმა 135 წლის იუბილე იზეიმა. 2018 წლის 2 ოქტომბერს მცხეთის რაიონის სოფელ წინამძღვრიანთკარში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, საგანმანათლებლო დაწესებულებების, ბიზნესის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის 200-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.  

ღონისძიების მსვლელობაში ასევე  შედგა პროფესიული განათლების მიმდინარე რეფორმის ფარგლებში მთელს საქართველოში განხორცილებული საპილოტე ინიციატივის „სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება“ შემაჯამებელი პრეზენტაცია.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ხოლო მხარდამჭერები გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) თანამშრომლობით.

წინამძღვრიანთკარის საზოგადოებრივი კოლეჯის საზეიმო იუბილეს მომზადებაში აქტიურად ჩაერთო ადგილობრივი ხელისუფლება. ღონისძიებას დაესწრო შალვა კერესელიძე, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი.

ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი საქართველოს პირველი და უძველესი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა. სასოფლო სამეურნეო პროფესიული სასწავლებელი 1883 წელს ცნობილი პედაგოგისა და პუბლიცისტის, ილია წინამძღვრიშვილის, მიერ დაარსდა. მის წარმატებასა და განვითარებაში წვლილი შეიტანეს ილია ჭავჭავაძემ, იაკობ გოგებაშვილმა და ნიკო ცხვედაძემ.

„საქართველოს სასახელო მოღვაწეებს, რომელთა თანადგომითაც დაარსდა წინამძღვრიანთკარის კოლეჯი, კარგად ესმოდათ პროფესიული განათლების მნიშვნელობა როგორც ხალხისთვის, ასევე ეკონომიკისთვის. დღეს საქართველოს პროფესიულმა განათლებამ ახალი სუნთქვა შეიძინა, მაგრამ თავის მდიდარ ტრადიციებს კვლავაც არ ღალატობს“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  მინისტრმა.

ოლივიე ბურკიმ, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელმა, აღნიშნა, რომ პროფესიული განათლების  განვითარება ადგილობრივი ეკონომიკის ზრდას და მოსახლეობის კეთილდღეობას უწყობს ხელს.

„საქართველოს უძველესი კოლეჯის მტკიცე გადაწყვეტილება რეფორმების გატარებასთან დაკავშირებით იმის კარგი მაგალითია, თუ როგორ იცვლება ეკონომიკა და ადამიანების ცხოვრება განათლების სისტემაში ახალი მიდგომების დანერგვის შედეგად. საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემის რეფორმის გზაზე. შვეიცარია მომავალშიც შეუწყობს ხელს ამ მეტად პოზიტიურ და საჭირო განვითარებას“, - აღნიშნა ოლივიე ბურკიმ.

სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების დანერგვა პროფესიული განათლების რეფორმისადმი უფრო ფართო ხელშეწყობის ნაწილია, რომელსაც შვეიცარიის მთავრობა გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით ახორციელებს.

„სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება ინოვაციური საპილოტე პროექტია, რომელიც UNDP-მ შვეიცარიის მთავრობის ხელშეწყობითა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან თანამშრომლობით განახორციელა. ახალი მოდელის დანერგვის შედეგად კოლეჯების სტუდენტები პარალელურად სწავლობენ და შესაბამის სამუშაო გამოცდილებასაც იღებენ. სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება კოლეჯებს უშუალოდ დამსაქმებელთან, ბიზნესთან აკავშირებს. ამ მოდელის შედეგებით საქართველოში უკვე 100-ზე მეტმა სტუდენტმა და 20-ზე მეტმა კერძო კომპანიამ ისარგებლა“, - თქვა გიორგი ნანობაშვილმა, UNDP-ის ეკონომიკური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა საქართველოში.  

წინამძღვრიანთკარის საზოგადოებრივი კოლეჯის საიუბილეო ღონისძიება სასწავლებლის პირველ შენობასთან დაიწყო, სადაც ისტორიული გამოფენა გაიმართა. ამას მოჰყვა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის პროფესიული სტუდენტების მიერ მოწყობილი აგრარული მასტერკლასები და გამოფენა. სტუმრებმა  მონაწილეობა მიიღეს მეხილეობის, რძის გადამუშავების, ნერგების დამზადების მასტერკლასებში, დაესწრნენ თაფლის ექსპერტიზას, გაეცნენ სურსათის უვნებლობის,  ნიადაგის ანალიზისა და ასევე მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის ახალ მიდგომებს.

სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებაში ამჟამად ჩართულია საქართველოს 7 კოლეჯი, სადაც 6 სასოფლო-სამეურნეო პროგრამა ხორციელდება. 2019 წელს პროგრამების რიცხვი გაორმაგდება.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • ნათია კუკულაძე, kukuladzen@gmail.com +995 577484040, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
  • მარიკა ზაქარეიშვილი, mzakareishvili@mes.gov.ge +995 577 172232, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, +995 599 19690, sophie.tchitchinadze@undp.org
  • მაგდა ნოვაკოვსკა, UNDP საქართველო, +995 598 822544, magdalena.nowakowska@undp.org
  • ნათია მსხილაძე, nmskhiladze@gfa.org.ge +995 591 051 905 საქართველოს  ფერმერთა ასოციაცია
  • ნიკოლოზ მესხიშვილი, საქართველოს  ფერმერთა ასოციაცია, +995 577 309170, nmeskhishvili@gfa.org.ge