გენდერული თანასწორობის გაძლიერება ადგილობრივ დონეზე

15 May 2018

ფოტოს ავტორი: დავით ხიზანიშვილი/UNDP

საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლება იწყებს ერთობლივ საქმიანობას ადგილობრივ თვითმმართველობაში გენდერული თანასწორობის მისაღწევად და გენდერული თანასწორობის შესახებ კანონში 2016 წელს შესული შესწორებების განსახორციელებლად.

2018 წლის 15 მაისს თბილისში ამ საკითხთან დაკავშირებული პირველი ეროვნული კონფერენცია გაიმართა. ფართომასშტაბიან ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები, ყველა თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის მერები, ადგილობრივი საკრებულოების თავმჯდომარეები, გენდერული თანასწორობის მუნიციპალური საბჭოების თავმჯდომარეები და გენდერული თანასწორობის საკითხებში ადგილობრივი საკონტაქტო პირები ესწრებოდნენ.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს თამარ ჩუგოშვილმა - საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, კახა კალაძემ - თბილისის მერმა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) პრეზიდენტმა, მზია გიორგობიანმა - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, და სოფიო ჯაფარიძემ - საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ.

გამომსვლელებს შორის ასევე იყვნენ ლორა თორნტონი - ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)  საქართველოს ოფისის დირექტორი, და მუნხტუია ალთანგერელი - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში.

საქართველოს გენდერული თანასწორობის შესახებ კანონში 2016 წელს შესული შესწორებები ადგილობრივ თვითმმართველობას გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვას ავალდებულებს. ამისთვის საკრებულოებში გენდერული თანასწორობის საბჭოები უნდა შეიქმნას, ხოლო მუნიციპალიტეტების მერებმა თავის აპარატებში გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე მოხელის თანამდებობა უნდა შემოიღონ.

კონფერენციაზე გამართული მსჯელობა სწორედ ამ ახალი რეგულაციების პრაქტიკული განხორციელების გზებს, გენდერული თანასწორობის დაცვის საკითხებში სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებულ მუშაობას, ერთიანი სახელმწიფო და ადგილობრივი სტრატეგიების შექმნასა და ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის მიღწევის ინსტიტუციურ მექანიზმებს შეეხო.

ზუგდიდის, ნინოწმინდის, ოზურგეთის მერებმა და ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარემ თვითმმართველობების წარმომადგენლებს შესაბამის მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის მიღწევის მიმართულებით დაგროვილი გამოცდილება გაუზიარეს და ისაუბრეს კონკრეტულ ნაბიჯებზე პროგრესის მისაღწევად.

კონფერენცია გაიმართა საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI)  და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით. 

საკონტაქტო ინფორმაცია 

  • ანა წურწუმია, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო, +995 599 239068, atsurtsumia@parliament.ge    
  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
  • მაგდა ნოვაკოვსკა, UNDP საქართველო, +995 598 822544, magdalena.nowakowska@undp.org