სოფლად მცხოვრები ქალების დღე საქართველოში

Tue Oct 17 00:00:00 EDT 2017

ფოტოს ავტორი: დარო სულაკაური/UNDP

2017 წლის 17 ოქტომბერს სოფელ დუისში გაიმართა სოფლად მცხოვრები ქალების დღის საზეიმო აღნიშვნა, რომელსაც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ადგილობრივი ხელისუფლების, შვედეთის მთავრობის, გაეროსა და ადგილობრივი სათემოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გენდერული თანასწორობისათვის გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში.

ღონისძიების მთავარ თემას წარმოადგენდა საქართველოს სოფლად მცხოვრები ქალების პრობლემები და გამოწვევები პროფესიული განვითარებისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის გზაზე.

ფერმერ ქალებთან გამართული შეხვედრაზე, რევაზ ასათიანმა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ყურადღება გაამახვილა ქალების როლზე ქვეყნის განვითარებაში.

„თანასწორი და თანამონაწილეობითი განვითარება საქართველოს მთავრობის ეკონომიკური და სოციალური პროგრამების ერთ-ერთი პრიორიტეტია. სოფლად მცხოვრები ქალები ქვეყნის წინსვლის უშველებელი ადამიანური რესურსია. მათი ინტერესების გათვალისწინება აუცილებელია სახელმწიფო პოლიტიკასა და პროგრამებში. დარწმუნებული ვარ, რომ სოციალურად და ეკონომიკურად აქტიური ქალი ბევრ სასიკეთოს მოუტანს როგორც თავის ოჯახს, ასევე მთელს საზოგადოებას“, - განაცხადა რევაზ ასათიანმა.

სოფლად მცხოვრები ქალების დღის აღნიშვნა გაგრძელდა პანკისის ხეობაში მცხოვრები ქალების პრობლემების განხილვით. ადგილობრივმა ფერმერებმა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებმა ისაუბრეს რეგიონში პროფესიული განათლების განვითარების აუცილებლობაზე, ქალების უფრო აქტიურ ჩართულობაზე ეკონომიკურ საქმიანობაში და ადგილობრივ თვითმმართველობაში.

„საქართველოს სოფლად მცხოვრები ქალები ასრულებენ როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე არაფორმალური, აუნაზღაურებადი და შინაური საქმიანობის უდიდეს ნაწილს. ხშირ შემთხვევაში, ეს მძიმე შრომა სრულიად შეუმჩნეველია. დღეს ჩამოვედით დუისში, რათა აღვნიშნოთ სოფლად მცხოვრებ ქალთა საერთაშორისო დღე და ვისაუბროთ ეკონომიკურ საქმიანობასა და გადაწყვეტილების მიღების პორცესში ქალების უფრო აქტიური ჩართულობის შესაძლებლობებზე“, - აღნიშნა მაკა მეშველიანმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის მენეჯერმა.

დღის ბოლოს დუისში გაიმართა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და ადგილობრივი რეწვის გამოფენა.

სოფლად მცხოვრები ქალების საქრთაშორისო დღე აღინიშნება ყოველწლიურად 15 ოქტომბერს. მას მოსდევს მსოფლიო სურსათის დღე (16 ოქტომბერს) და სიღარიბის აღმოფხვრის დღე (17 ოქტომბერს). ყველა ეს საერთაშორისო დღე ემსახურება სოფლად მაცხოვრებელთა შრომის დაფასებას და ქალთა ეკონომიკურ და სოციალურ გაძლიერებას.

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org

მაგდა ნოვაკოვსკა, UNDP საქართველო, +995 598 822544, magdalena.nowakowska@undp.org