ბორჯომის ტყის აღდგენა

8 აგვისტო 2014

imageგარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ შომბი შარპმა მონაწილეობა მიიღეს ბორჯომის ტყის აღდგენით სამუშაოებში. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

8 აგვისტოს საქართველოს მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გადამწვარი ბორჯომის ტყის აღდგენით სამუშაოებში.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი - ელგუჯა ხოკრიშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე - შომბი შარპი, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი - აკაკი მაჭუტაძე, და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი - დიმიტრი ყიფიანი გაემგზავრნენ სოფელ დაბაში, სადაც საქართველოს მთავრობის, ფინეთის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით მიმდინარეობს 60 ჰექტარი გადამწვარი ტყის აღდგენა.

სამუშაოები დაიწყო 2013 წელს, როდესაც 16 ჰექტარზე მეტი შემოიღობა და გაიწმინდა დამწვარი ხის ნარჩენებისა და ბუჩქებისაგან, ხოლო ნიადაგი მომმზადდა წიწვოვანი და შერეული ტყის გასაშენებლად. ამ დროისათვის უკვე დარგულია 17,500 ძირი სხვადასხვა სახეობის ხის ნერგი. მუდმივად მიმდინარეობს ახალგაზრდა ტყის მოვლა და მონიტორინგი. გაწმენდის, შემოღობვისა და ნიადაგის აღდგენის სამუშაოები ამჯერად მიმდინარეობს კიდევ 40 ჰექტარზე. ხეების დარგვა დაგეგმილია ოქტომბერში.

ტყის აღდგენაში აქტიურად მონაწილეობენ ადგილობრივი მაცხოვრებლები. ოცდაათმა ადამიანმა გაიარა შესაბამისი მომზადება და ამჯერად დასაქმებულია სხვადასხვა სახის სამუშაოზე.

2008 წლის ომმა უდიდესი ზარალი მიაყენა როგორც ბორჯომის ხეობის უნიკალურ ეკოსისტემას, ასევე ადგილობრივ სოფლებს. ტყე სრულად ან ნაწილობრივ განადგურდა 950 ჰექტარზე. საქართველოს მთავრობის, ფინეთის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივა მიზნად ისახავს ტყის საფარის აღდგენასა და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ და სოციალურ ხელშეწყობას.

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, sophie.tchitchinadze@undp.org, +995 599 196907 (მობილური)

მაია სიხარულიძე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, pr@moe.gov.ge, +995 577 343355 (მობილური)