ჰუმანური განვითარების ანგარიში 2014

24 ივლისი 2014

image

ტოკიო, 24 ივლისი, 2014 - UNDP აქვეყნებს ჰუმანური განვითარების 2014 წლის ანგარიშს „ჰუმანური პროგრესის შენარჩუნება: მოწყვლადობის შემცირება, მედეგობის ზრდა“. ანგარიში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მოწყვლადობის პრობლემას, ბაზისურ სოციალურ დახმარებასა და საყოველთაო დასაქმებას. ანგარიში ასევე შეიცავს ჰუმანური განვითარების განახლებულ ინდესს, რომელიც აჩვენებს ზრდის ტემპის შენელებას მთელს მსოფლიოში

საქართველო და ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონი

საქართველოს ჰუმანური განვითარების ზოგადი მაჩვენებელია 0,744, რაც შეესაბამება მაღალი ჰუმანური განვითარების მქონე ქვეყნების ჯგუფს. 187 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის საქართველო 79-ე ადგილს იკავებს. ამავე ადგილზე არიან ბრაზილია და გრენადა. 2005-2013 წლებში საქართველოს მაჩვენებელი გაიზარდა 0.710-დან 0.744-მდე. მთლიანმა ზრდამ 4.8 %-ს მიაღწია, ხოლო წლიური  ზრდა 0,58 %-ს შეადგენს.

2014 წლის ანგარიშის მიხედვით, აზერბაიჯანის ჰუმანური განვითარების ინდექსია 0.747 (76-ე ადგილი 187 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის), სომხეთის  0.730 (87-ე ადგილი), ხოლო რუსეთის ფედერაციის 0.778 (57 ადგილი).

ევროპისა და შუა აზიის რეგიონში, რომელსაც მიეკუთვნება ყველა ზემოთხსენებული სახელმწიფო, ჰუმანური განვითარების ინდექსი გამოთვლილია 17 განვითარებადი ქვეყნისათვის. ამათგან 12 შედის მაღალი, ხოლო 5 საშუალო ჰუმანური განვითარების კატეგორიაში.

ევროპისა და შუა აზიის რეგიონი მსოფლიოში მეორე ადგილზეა ჰუმანური განვითარების მიხედვით. მისი საშუალო მაჩვენებელია 0.738, რაც ოდნავ ჩამორჩება ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის საშუალო მაჩვენებელს (0.740).

2014 წლის მონაცემებით, აზერბაიჯანი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქვეყანაა რეგიონში. მისი ჰუმანური განვითარების ზრდის საშუალო წლიური მაჩვენებელი შეადგენს 1.21 პროცენტს. შემდეგ მოდის თურქეთი (1.16%) და ტაჯიკეთი (1.07%). ზრდის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს სერბეთს (0.34%). 

ყველაზე მაღალი ჰუმანური განვითარების ინდექსი რეგიონში აქვს მონტენეგროს (0.789), ხოლო ყველაზე დაბალი ტაჯიკეთს (0.607).

ჰუმანური განვითარების ინდექსის ტენდენციები მსოფლიოში

ყველაზე მეტად გაუმჯობესდა ზიმბაბვეს ჰუმანური განვითარების ინდექსი. ამის მიზეზია სიცოცხლის ხანგრძლიობის მნიშვნელოვანი ზრდა, 1.8 წელი 2012-დან 2013  წლამდე, რაც ოთხჯერ მეტია, ვიდრე სიცოცხლის ხანგრძლიობის ზრდის საშუალო მაჩვენებელი მსოფლიოში.

ქვეყნების რეიტინგი უცვლელია: ნორვეგია, ავსტრალია, შვეიცარია, ჰოლანდია და ამერიკის შეერთებული შტატები წელსაც ლიდერობენ. ხოლო სიერა-ლეონე, ჩადი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და ნიგერის რესპუბლიკა სიის ბოლოში არიან.

ჰუმანური განვითარების საერთო დონის გაუმჯობესების მიუხედავად, მსოფლიოს ყველა რეგიონში გამოიკვეთა ზრდის ტემპის შენელების ტენდენცია. 2000-2008 წლებთან შედარებით, 2008-2013 წლებში ჰუმანური განვითარების ინდექსის საშუალო წლიური ზრდა განახევრდა არაბულ ქვეყნებში, აზიისა და წყნარი ოკეანეს აუზის სახელმწიფოებში, ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის რეგიონში.

ჰუმანური განვითარების ინდექსის ყველაზე მნიშვნელოვანი დაღმასვლა გამოიკვეთა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ლიბიასა და სირიაში, რაც მიმდინარე კონფლიქტებს და, შესაბამისად, შემოსავლების შემცირებას უკავშირდება.

წლევანდელი ანგარიში ეყრდნობა 187 ქვეყნის მონაცემებს. ეს პირველი ინდექსია, რომელიც იყენებს შედარებების უახლეს საერთაშორისო პროგრამას (International Comparison Program) ეროვნული ვალუტების კონვერტირებისათვის მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გათვალისწინებით. მონაცემები გამოაქვეყნა მსოფლიო ბანკმა 2014 წლის მაისში.

უთანასწორობა შემოსავლებსა და განათლებაში

2014 წლის ანგარიშის მიხედვით, უთანაბრობა გარკვეულწილად შემცირდა მსოფლიოს ყველა რეგიონში. ასეთი დასკვნის საფუძველს იძლევა უთანაბრობის მაჩვენებლის გათვალისწინებით შესწორებული ჰუმანური განვითარების ინდექსი. უმეტეს შემთხვევაში, უთანაბრობის შემცირება ჯანმრთელობის კომპონენტში წინსვლით აიხსნება.

რამდენიმე რეგიონში გაიზარდა უთანაბრობა შემოსავლებში. მათ შორის იმ ქვეყნებში, რომლებიც ძალიან მაღალი ჰუმანური განვითარების ჯგუფში შედიან. ეს პრობლემა საკმაოდ მწვავეა ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლისათვის ორივე რეგიონმა საკმაოდ წაიწია წინ  შემოსავლების გათანაბრების საქმეში.

უთანასწორობა კვლავაც შეიმჩნევა განათლებაში. უფროს თაობაში კვლავ აღინიშნება წერა-კითხვის უცოდინრობის პრობლემა, ხოლო უმცროს თაობას უჭირს დაწყებითი განათლებიდან საშუალო განათლებაზე გადასვლა. ყველაზე მწვავედ ეს პრობლემა დგას სამხრეთ აზიაში, არაბულ ქვეყნებსა და სუბ საჰარა აფრიკაში.

უთანაბრობის მაჩვენებლის გათვალისწინებით შესწორებული ჰუმანური განვითარების ინდექსი გამოითვლება 145 ქვეყანაში. ამ ინდექსის მიხედვით,  ჰუმანური განვითარება ყველაზე თანაბარია ნორვეგიაში, ფინეთსა და ჩეხეთში.

უთანაბრობის მაჩვენებლით შესწორებულმა ინდექსმა შეიძლება შეცვალოს ქვეყნის პოზიცია რეიტინგში. მაღალი ჰუმანური განვითარების ინდექსის მქონე სახელმწიფომ შეიძლება უფრო დაბალ პოზიციაზე გადაინაცვლოს.

მაგალითად, მთლიანი ეროვნული შემოსავალი (GNI) ერთ სულ მოსახლეზე  ამერიკის შეერთებულ შტატებში უფრო მაღალია, ვიდრე კანადაში. მაგრამ უთანაბრობის მაჩვენებლის გათვალისწინებით, კანადა უსწრებს აშშ-ს. მსგავსად ამისა, ბოცვანაში, ბრაზილიასა და ჩილეში მაღალი უთანაბრობის გამო, მთლიანი ეროვნული შემოსავლის მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე მნიშვნებლოვად იკლებს.

საქართველოს შემთხვევაში, უთანაბრობის მაჩვენებლით შესწორებული ინდექსი იკლებს 14,5%-ით, 0,744-დან 0,636-მდე. ბოსნია-ჰერცეგოვინასა და სომხეთში უთანაბრობით გამოწვეული დანაკარგი, შესაბამისად, 10,6% და 10,4%-ია.

ჰუმანური განვითარების მაღალი ინდექსის მქონე ქვეყნებში უთანაბრობით გამოწვეული საშუალო დანაკარგი 19,7 %-ია, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში კი 13,3%.

ქალთა ჰუმანური განვითარების ინდექსი უთანაბრდება ან უსწრებს მამაკაცების მაჩვენებელს 16 ქვეყანაში

წლევანდელ ანგარიშში პირველად შესულია გენდერული განვითარების ინდექსი, რომელიც იკვლევს გენდერულ უთანასწორობას  ჰუმანური განვითარების პროცესში. ინდექსი გამოითვლება 148 ქვეყნისთვის.
ქალები უთანბრდებიან ან უსწრებენ მამაკაცებს ჰუმანური განვითარების ინდექსის მიხედვით მსოფლიოს 16 ქვეყანაში (არგენტინა, ბარბადოსი, ბელორუსი, ესტონეთი, ფინეთი, ყაზახეთი, ლატვია, ლიტვა, მონღოლეთი, პოლონეთი, რუსეთის ფედერაცია, სლოვაკეთი, სლოვენია, შვედეთი, უკრაინა და ურუგვაი).

რიგ შემთხვევაში ამის მიზეზია ქალების წარმატება განათლების სფეროში. ხოლო სხვა ქვეყნებისათვის -  სიცოცხლის ხანგრძლივობა, რომლის მიხედვითაც ქალები 5 წლით უსწრებენ მამაკაცებს.  
გენდერული განვითარების ინდექსი ყველაზე დაბალია ავღანეთში, სადაც ქალთა მაჩვენებელი მამაკაცის ჰუმანური განვითარების ინდექსის მხოლოდ 60 პროცენტს შეადგენს.

მსოფლიოს საშუალო მაჩვენებლების მიხედვით, ქალთა ჰუმანური განვითარების ინდექსი 8 პროცენტით დაბალია მამაკაცების მაჩვენებელზე. განსაკუთრებით მწვავეა უთანაბრობა შემოსავლებში. მამაკაცების მთლიანი ეროვნული შემოსავალი ორჯერ აღემატება ქალთა შემოსავალს.

ჰუმანური განვითარების სხვა ინდექსები

2014 წლის ანგარიშის მიხედვით, გენდერული უთანასწორობის ინდექსი მცირდება მთელს მსოფლიოში. შეინიშნება წინსვლა ქალთა ჯანმრთელობის, განათლებისა და პარლამენტში წარმომადგენლობის სფეროებში. თუმცა ქალთა პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება კვლავაც პრობლემურია. გენდერულად ყველაზე თანასწორი ქვეყანა სლოვენიაა, ხოლო უთანასწორო - იემენი.

გაეროს განვითარების პროგრამის სიღარიბის მრავალგანზომილებიანი ინდექსის (MPI) მიხედვით, სიღარიბე მცირდება. ამის მიუხედავად, 91 განვითარებად ქვეყანაში მცხოვრები 1.5 მილიარდი ადამიანი კვლავაც ყველა თვალსაზრისით ანუ კომპლექსურად ღარიბია. ხოლო დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი შედის სიღარიბის რისკის ჯგუფში.  

ყველაზე მეტი ღარიბი ადამიანი ცხოვრობს სამხრეთ აზიაში: 800 მილიონი ღარიბია, ხოლო 270 მილიონი სიღარიბის პირას მყოფი სხვადასხვა  განზიმილების მიხედვით, რაც სამხრეთ აზიის მოსახლეობის 71 პროცენტია.  შესაბამისად,  მსოფლიოს ღარიბი მოსახლეობის 56 პროცენტი და სიღარიბის პირას მყოფი მოსახლეობის 35 პროცენტი სწორედ ამ რეგიონში ცხოვრობს.

გაეროს განვითრების პროგრამა უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს გამჭვირვალობას. კომპიუტერული პროგრამები, რომელიც გამოიყენება სიღარიბის მრავალგანზომილებიანი ინდექსის დასათვლელად, საჯაროდ ხელმისაწვდომია ორგანიზაციის ვებ გვერზე.  

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, sophie.tchitchinadze@undp.org, +995 599 196907

პრეს სამსახური
სოფო ჭიჭინაძე პრეს სამსახურის ხელმძღვანელი
sophie.tchitchinadze@undp.org +995 32 2251126 ext.158