ნარჩენების მართვის დღე ხარაგაულში

7 ივლისი 2014

imageმინისტრი ხათუნა გოგალაძე და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში - ნილს სკოტი ცდიან სპეციალურ პრესს, რომელიც გადაამუშავებს პოლიეთილენის ბოთლებსა და პარკებს. ფოტო: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

7 ივლისი 2014. ხარაგაულში პლასტიკური ნარჩენების  გადამუშავების დღე გაიმართა, რომელსაც დაესწრნენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები.

მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა საქართველოში - ნილს სკოტმა დაათვალიერეს სპეციალური პრესი, რომელიც განკუთვნილია პოლიეთილენის ბოთლებისა და პარკების გადასამუშავებლად. ისინი, ასევე, დაესწრნენ გარემოსდაცვითი პლაკატების გამოფენას ხარაგაულის პარკში, რომელიც ახალგაზრდა გარემოსდამცველებმა მოაწყვეს.

უკვე ერთი წელია ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ნარჩენების გადამუშავების გარემოსათვის უსაფრთხო გზების დანერგვა. სამოქალაქო ჯგუფებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მცდელობით, სხვადასხვა სოფელში განთავსდა 26 ალტერნატიური ბუნკერი პოლიეთილენის ნარჩენების შესაგროვებლად, საჯარო სკოლებში ჩატარდა ღია გაკვეთილები ნარჩენების მართვის შესახებ, ხოლო ხარაგაულში გაიხსნა „საქმიანი ეზო“, სადაც მოხდება შეგროვებული ნარჩენების გადამუშავება.

სპეციალური პრესის მეშვეობით, პოლიეთილენის ბოთლები და პარკები გადამუშავდება უსაფრთხოდ, დაწვის გარეშე, რაც გამორიცხავს გარემოში მავნე ნივთიერებების, დიოქსინ ფურანების გამოფრქვევას.

ნარჩენების მართვის ინიციატივას სათავეში ჩაუდგა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ გაეროს განვითარებისა პროგრამისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.

ნარჩენების მართვის დღე ხარაგაულში დაასრულებს ერთთვიან მწვანე მოძრაობას „ჩემი გარემო“, რომლითაც საქართველო გამოეხმაურა გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს, 5 ივნისს.

საკონტაქტო ინფორმაცია

მაია სიხარულიძე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, pr@moe.gov.ge, +995 577 343355 (მობილური)

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, sophie.tchitchinadze@undp.org, +995 599 196907 (მობილური)