მოსახლეობის ხელშეწყობა კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში

26 ივნისი 2014

imageყარაფილასა და სარიბარის მაცხოვრებლებს პომიდვრის, ბადრიჯნის და წიწაკის 120,000 მეტი ჩითილი გადაეცათ. ფოტო:ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

კასპი. 26 ივნისი 2014. კასპის მუნიციპალიტეტის ორასზე მეტმა ოჯახმა მიიღო პომიდვრის, ბადრიჯნისა და წიწაკის ჩითილები საკარმიდამო ნაკვეთებისთვის. მცირე ფერმერთა ხელშეწყობა გაეროს განვითარების პროგრამისა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისიარიტის ერთობლივი პროგრამის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც გაეროს სააგენტოები ეხმარებიან ადგილობრივ მოსახლეობას ადმინისტრაციული სასაზღვრე ზოლის მახლობლად მდებარე სოფლებში.    

დღეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებს ყარაფილასა და სარიბარს ეწვივნენ გაეროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ისინი  ჩითილების დარიგებას დაესწრნენ და ადგილობრივ მაცხოვრებლებს გაესაუბრნენ.    

გაეროს ხელშეწყობით სარგებლობს ექვსი სოფელი და 1500-ზე მეტი ადამიანი, რომელთა უმეტესობა იძულებით გადაადგილებული პირია. დახმარება მოიცავს მცირე ფერმერთა მხარდაჭერას, გადამზადების პროგრამებს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სფეროში, სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობას, საბავშვო ბაღებისა და სასმელი წყლის სისტემების აღდგენას.

18-თვიანი პროექტი, რომლის ბიუჯეტი 400 ათასი აშშ დოლარია, გაგრძელდება2015 წლის ივლისამდე.

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველოში, sophie.tchitchinadze@undp.org, +995 599 196907

ნინო ქაჯაია, UNHCR საქართველოში, KAJAIA@unhcr.org