კოლხური ხოხბის დაბრუნება

6 ივნისი 2014

imageგარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ შალვა ამირეჯიბმა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ნილს სკოტმა ვაშლოვანში კოლხური ხოხბები მოინახულეს. ფოტო: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

6 ივნისს ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებში გაიხსნა ინკუბატორი, რომელიც მოემსახურება გადაშენების პირას მყოფი კოლხური ხოხბის გამრავლებას.

ინკუბატორისა და სანაშენე მეურნეობის გახსნას დაესწრნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე - შალვა ამირეჯიბი, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი -ნილს სკოტი და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე - რატი ჯაფარიძე.

ინკუბატორი ხელს შეუწყობს 1000- მდე კოლხური ხოხბის დაბრუნებას მათ ბუნებრივ გარემოში - არწივის ხეობაში, კოლხეთის ეროვნულ პარკსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე, ივრის, ალაზნისა და მტკვრის ჭალებში.ხოხბები ასევე დაურიგდებათ ადგილობრივ მაცხოვრებლებს მათი შემდგომი მოვლისა და მოშენებისათვის.

ინკუბატორი აღჭურვილია მზის პანელებით, რაც უზრუნველყოფს მის შეუფერხებელ მუშაობას. ასევე გათვალისწინებულია სპეციალური პირობები როგორც ხოხბის ბარტყების ანუ ლაპების, ასევე ზრდასრული ხოხბების მოსავლელად.

ინკუბატორი შეიქმნა ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის მიერ გაეროს განვითარების პროგრამისა და მსოფლიო გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში Mercy Corps, GIZ, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და სამონადირეო მეურნეობებთან თანამშრომლობით.

კოლხური ხოხბის ინკუბატორი ოფიციალურად ხსნის ერთთვიან გარემოსდაცვით კამპანიას „ჩემი გარემო“, რომლის ორგანიზატორები არიან საქართველოს გარემოსა  და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და გაეროს განვითარების პროგრამა. კამპანიის ფარგლებში, ივნისსა და ივლისში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართება არაერთი გარემოსდაცვითი ღონისძიება.

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, sophie.tchitchinadze@undp.org, +995 599 196907 (მობილური)

მაია სიხარულიძე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო pr@moe.gov.ge, +995 577 343355 (მობილური)

პრეს სამსახური
სოფო ჭიჭინაძე პრეს სამსახურის ხელმძღვანელი
sophie.tchitchinadze@undp.org +995 32 2251126 ext.158