სახალხო დამცველის რეკომენდაციების 50 პროცენტი სრულდება

20 მაისი 2014

imageუჩა ნანუაშვილი, საქართველოს სახალხო დამცველი და ნილს სკოტი, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში. მაისი 2014. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

20 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა და გაეროს  განვითარების პროგრამამ წარმოადგინეს დამოუკიდებელი კვლევა, რომელშიც ასახულია, ასრულებდნენ თუ არა საჯარო სტრუქტურები სახალხო დამცველის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს 2008 – 2013 წლებში.

კვლევის ანგარიშის წარდგენას დაესწრნენ უჩა ნანუაშვილი, საქართველოს სახალხო დამცველი, და ნილს სკოტი, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში. ანგარიშის ავტორმა, ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელი ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ ამ თემაზე მოხსენება გააკეთა.

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დამოუკიდებელ კვლევაში მიმოხილულია სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციები ისეთ სფეროებში, როგორიცაა მართლმსაჯულება, პროკურატურისა და სასამართლოს საქმიანობა, სოციალურ-ეკონომიკური უფლებები, კანონშემოქმედება და პარლამენტისადმი გაგზავნილი რეკომენდაციები.

კვლევა ასევე მოიცავს სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზს, რომელიც ასახავს ამ რეკომენდაციების შესრულებას. კვლევის მონაცემებით ირკვევა, რომ 2008 – 2013 წლებში გაცემული 614 რეკომენდაციიდან შესრულდა 309.

კვლევა ჩაატარა დამოუკიდებელმა ექსპერტმა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან მჭიდრო თანამშრომლობითა  და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით.

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, sophie.tchitchinadze@undp.org, +995 599 196907

ანი თამაზაშვილი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, atamazashvili@ombudsman.ge, +995 595 033232