ახალი სასწავლო პროგრამები სოფლის მეურნეობაში

20 მაისი 2014

imageსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და UNDP-ის ხელმძღვანელის მოადგილე სოფო ქემხაძე გადამზადების პროგრამის მონაწილეებს მიესალმნენ. მაისი 2014. ფოტო: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

თბილისი. 20 მაისი 2014 -პროფესიულ კოლეჯებში გაიხსნება რვა ახალი პროგრამა სოფლის მეურნეობის სფეროში. კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯში „აისი“ მიმდინარეობს ხარისხის მენეჯერთა და მასწავლებელთა გადამზადება, რომელშიც მონაწილეობენ კაჭრეთის, თელავის, ახალციხისა და სენაკის პროფესიულ კოლეჯების წარმომადგენლები.

19 მაისს ტრენინგის გახსნას დაესწრნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე - ქეთევან ნატრიაშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე - სოფო ქემხაძე, და გაეროს განვითარების პროგრამის დემოკრატიული მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი - ნათია ნაცვლიშვილი.

ახალი სასწავლო პროგრამები პასუხობს საქართველოს სოფლის მეურნეობის დასაქმების ბაზრის ყველაზე მწვავე საჭიროებებს და  სწავლება წარიმართება თანამედროვე მოდულური მეთოდოლოგიით შემდეგ სპეციალობებში:  ფერმერი, მეღვინე-მევენახე, მემცენარე, მეხილე, მეცხოველე, ვეტერინარული მომსახურების სპეციალისტი, ხილისა და ბოსტნეულის გადამმუშავებელი, რძის გადამმუშავებელი. აღსანიშნავია, რომ ფერმერობა, როგორც პროფესია, პირველად დამკვიდრდება პროფესიული კოლეჯების პროგრამაში.

სასწავლო პროგრამები საშუალებას აძლევს სტუდენტებს მიიღონ მრავალმხრივი ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება და დასაქმების კარგი შესაძლებლობა. სასწავლო კურსები შემუშავებულია კერძო დამსაქმებლებთან მჭიდრო თანამშრომლობით. პრაქტიკული სწავლების 50 პროცენტი ჩატარდება საწარმოებსა და ფერმერულ მეურნეობებში.  

ახალი სასწავლო პროგრამების პილოტირება გაიმართება 2014 წლის ზაფხულში კაჭრეთის, თელავის, ახალციხისა და სენაკის პროფესიულ კოლეჯებში. საცდელ პროგრამებში 130 სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას.

ახალი სასწავლო პროგრამები სოფლის მეურნეობაში შემუშავებულია გაეროს განვითარების პროგრამისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით.

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, sophie.tchitchinadze@undp.org, +995 599 196907

პრეს სამსახური
სოფო ჭიჭინაძე პრეს სამსახურის ხელმძღვანელი
sophie.tchitchinadze@undp.org +995 32 2251126 ext.158