შვეიცარიის გამოცდილება ქართველ ფერმერებს

8 მაისი 2014

image

ჟენევა. 8 მაისი 2014 -საქართველოს სამთავრობო დელეგაცია სტუმრობს შვეიცარიას, სადაც დელეგაციის წევრები ეცნობიან ქვეყნის გამოცდილებას სოფლის მეურნეობის სფეროში პროფესიული განათლებისა და საკონსულტაციო მომსახურების- ექსტენციის საკითხებში.

7 -9 მაისს გაიმართა ოფიციალური შეხვედრები სოფლის მეურნეობისა და სოფლის რეგიონების განვითარების შვეიცარულ ასოციაციაში(AGRIDEA), შვეიცარიის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ბერნის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში.

ქართველმა და შვეიცარელმა კოლეგებმა ისაუბრეს საქართველოში ფერმერთათვის უფრო ეფექტური სწავლების სისტემებსა და შვეიცარული გამოცდილების გაზიარებაზე საქართველოს სოფლის მეურნეობაში.

ვიზიტის დასასრულს, 9 მაისს, საქართველოს დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს ყოველწლიურ კონფერენციაში, რომელსაც ატარებს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრისა და მეცხვარეთა ასოციაციის წარმომადგენლები.

დელეგაციაში ასევე შედიან რუდოლფ შოხი, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის დირექტორი, და სოფო ქემხაძე, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე.

ვიზიტი ხორციელდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით და შვეიცარიის სოფლის რეგიონების განვითარების ასოციაციასთან (AGRIDEA) თანამშრმლობით.

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, sophie.tchitchinadze@undp.org, +995 599 196907

პრეს სამსახური
სოფო ჭიჭინაძე პრეს სამსახურის ხელმძღვანელი
sophie.tchitchinadze@undp.org +995 32 2251126 ext.158