საქართველო მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების გარეშე

7 მაისი 2014

imageმარცხნიდან მარჯვნივ: „პოლიეკო“-ს მთავარი ინჟინერი ჯორჯ ნიკოლაიდისი, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ნილს სკოტი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე. ფოტო: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

230 ტონა მდგრადი ორგანული დამაბინძურებლები - მოდ პესტიციდები, მომზადებულია საქართველოდან გასატანად. საფრანგეთში ტრანსპორტირების შემდეგ ეს საშიში ნივთირებები განადგურდება გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვით.

ინიციატივა განხორციელდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამისა და მსოფლიო გარემოსდაცვითი ფონდის მხარდაჭერით.

იაღლუჯას საყრელს ეწვივნენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი - ხათუნა გოგალაძე, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი - ნილს სკოტი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სტუმრებმა დაათვალიერეს კონტეინერებში დაფასოებული დამაბინძურებლები და გაეცნენ მათი ტრანსპორტირებისათვის მზადების მიმდინარეობას.  

მდგრადი ორგანული დამაბინძურებელი, შემოკლებით მოდ-ები, საქართველოს ერთი-ერთი ყველაზე მძიმე, მაგრამ ამავდროულად უხილავი ეკოლოგიური პრობლემაა. ათწლეულების მანძილზე ეს ტოქსიკური ნივთიერებები დაილექა წყალსა და ნიადაგში, რითაც მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნა როგორც გარემოს, ასევე ადამიანის ჯანმრთელობას.

მოდ-ების გამოყენება საქართველოში აიკრძალა 1975 წელს, ხოლო კანონიერი გამოყენება საბოლოოდ შეწყდა 1980-დან. თუმცა ვადაგასული პესტიციდების საყრელები კვლავაც არსებობს რამდენიმე რეგიონში. მათი არასათანადო  მართვა იწვევს პესტიციდების მუდმივ გაჟონვას ნიადაგსა და წყალში. გაეროს განვითარების პროგრამა გარემოსდაცვითი ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რათა შეამციროს მოდ-ების გამოფრქვევა მარაგებიდან და, სადაც შესაძლებელია,  გაიტანოს ტოქსიკური ნივთიერებები ქვეყნიდან.

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, sophie.tchitchinadze@undp.org, +995 599 196907 (მობილური)

მაია სიხარულიძე, გარემოსა  და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, , pr@moe.gov.ge, +995 577 343355 (მობილური)