ჯანდაცვა შერიგებისთვის

17 აპრილი 2014

imageმარცხნიდან მარჯვნივ: ალუდა გამახარია (მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია) და ნილს სკოტი (UNDP საქართველო). ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

თბილისი. 17 აპრილი, 2014 - სამასამდე აფხაზმა და  ოსმა პაციეტმა მიიღო სამედიცინო დახმარება თბილისში, ზუგდიდსა და ქუთაისში ბოლო ერთი წლის მანძილზე.

ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია“ აკავშირებს პაციენტებს შესაბამის კლინიკებთან, აგვარებს მათ ტრანსპორტირებას და უზრუნველყოფს ბინით მკურნალობის პერიოდში. ხშირ შემთხვევაში პაციენტებს სამედიცინო დახმარება უსასყიდლოდ გაეწიათ.

ეს ჰუმანიტარული პროექტი ხორციელდება ჰოლანდიის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივის - COBERM-ის ფარგლებში.

2014 წლის 17 აპრილს ექიმები და არასამთავრობო ორგანიზაციები შეიკრიბნენ თბილისში, კლინიკაში „ახალი საავადმყოფო“, სადაც ერთწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში - ნილს სკოტი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე - ბორის იაროშევიჩი და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ხელმძღვანელის მოადგილე - ანჯელ სამურა.  მათ სიტყვით მიმართეს შეხვედრის მონაწილეებს და ისაუბრეს სახალხო დიპლომატიაზე,  როგორც შერიგებისა და ნდობის აღდგენის ერთ-ერთი ქმედით მექანიზმზე.

„თქვენ ეხმარებით მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. მომავალში ასეთი ინიციატივების შედეგი კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება“, - თქვა ნილს სკოტმა.

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროგრამა COBERM ადრელი რეაგირებისა და ნდობის აღდგენის მექანიზმია. პროგრამა თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მხარს უჭერს ადამიანთა უშუალო ურთიერთობას, სტერეოტიპებისა და ცრურწმენების მსხვრევას, ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებას, ნდობის აღდგენასა და პირდაპირ დიალოგს კონფლიქტის შედეგად დანაწევრებულ საზოგადოებებს შორის.  

2010 წლიდან, პროგრამის ფარგლებში განხორციელდა არაერთი წარმატებული პროექტი. მათ შორისაა: საზაფხულო ახალგაზრდული ბანაკები; სამშვიდობო ჟურნალისტიკა; ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონის გამოცემა; სამხრეთ კავკასიის მწერალთა და მეცნიერთა მოთხრობებისა და ნაშრომების კრებულის გამოცემა; ისტორიასთან და კულტურასთან დაკავშირებული დოკუმენტების ციფრული არქივის შექმნა.

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, Sophie.Tchitchinadze@undp.org

თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, +995 32 294 3763, Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu

პრეს სამსახური
სოფო ჭიჭინაძე პრეს სამსახურის ხელმძღვანელი
sophie.tchitchinadze@undp.org 995 32 2251126 ext.158