საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის ახალი სტრატეგია

22 თებერვალი 2014

კაჭრეთი. 22 თებერვალი 2014. საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა სახელმწიფო საზღვრის ერთიანი მართვის ახალი ხუთწლიანი სტრატეგია. განახლებული დოკუმენტი წარედგინება მთავრობას  დასამტკიცებლად 2014 წლის 1 მარტამდე. ახალი სტრატეგიის შემუშავება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მოთხოვნაა.  

სტრატეგიის ძირითად პრინციპებზე მსჯელობა გაიმართა უწყებათშორისი კომისიის სამუშაო შეხვედრაზე 20-21 თებერვალს. შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო საზღვრის მართვაში მონაწილე ყველა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, კერძოდ: შინაგან საქმეთა სამინისტრო; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო; სოფლის მეურნეობის სამინისტრო; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; საგარეო საქმეთა სამინისტრო; იუსტიციის სამინისტრო; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო; თავდაცვის სამინისტრო; ფინანსთა სამინისტრო; უშიშროების საბჭო და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო.

სამუშაო შეხვედრა გაიმართა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივის „საქართველოსა და სომხეთს შორის საზღვრის ერთიანი მართვა“ ხელშეწყობით.

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, +995 599 196907 (მობილური), sophie.tchitchinadze@undp.org