ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ადამიანის უფლებათა საკითხებში

13 თებერვალი 2014

imageკონფერენციის გახსნა. ფოტო: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

თბილისი. საქართველოს მთავრობის ინიციატივით გაიმართა ადამიანის უფლებათა საკითხებში საქართველოს ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხილვა.

კონფერენცია ჩატარდა საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამისა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ხელშეწყობით.  

შეხვედრის  მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს პრემიერ მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში - ნილს სკოტი, და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამართლებრივ და კონსტიტუციურ საკითხებსა და ადამიანის უფლებებში - თომას ჰამარბერგი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში - თამარ ჩუგოშვილმა კონფერენციაზე  წარადგინა ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმა, რომელშიც დეტალურად გაწერილია მთავრობის საქმიანობა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში 2014-2015 წლებში. სამოქმედო გეგმა მოიცავს ყველა კატეგორიის უფლებებს - როგორც ფიზიკური და პიროვნული თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის, ასევე პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურს.შეხვედრაზე  ასევე წარმოადგინეს სამოქმედო გეგმის განხორციელებისა და მონიტორინგის მექანიზმები.  

სამოქმედო გეგმას ადამიანის უფლებათა საკითხებში ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. სამოქმედო გეგმა მოიაზრება, როგორც მოქნილი, მუდმივად განახლებადი დოკუმენტი.

ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მომზადება დაიწყო 2013 წლის დეკემბერში. საკონსულტაციო პროცესში მონაწილეობდნენ სამთავრობო სტრუქტურები, პარლამენტი, სამოქალაქო საზოგადოება, საერთაშორისო ორგანიზაციები და საქართველოს მოქალაქეები.მსჯელობა ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ გრძელდება ვებ გვერდზე: www.YourHumanRights.ge

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, +599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org

ანა გოჩაშვილი, მთავრობის კანცელარია, +599 999908, anngochashvili@gmail.com