ყველა სხვადასხვა, ყველა თანაბარი

25 ოქტომბერი 2013

imageმარცხნიდან მარჯვნივ: ნათია ნაცვლიშილი, UNDP, სოფო ქემხაძე, UNDP, პაატა ბელთაძე, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე, და დავით ლომიძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

თბილისი. 25 ოქტომბერი 2013 - რამდენად დაცულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები საქართველოში? რა საკანონმდებლო ცვლილებებია გასატარებელი და რა არის საჭირო სახელმწიფო პროგრამების გასაუმჯობესებლად?

ამ საკითხებზე მსჯელობისათვის საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა და გაეროს განვითარების პროგრამამ მოიწვიეს საქართველოს პარლამენტის, სამინისტროების, თბილისის მერიის, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
დისკუსიის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს სოფო ქემხაძემ - გაეროს განვითარების პროგრამა, პაატა ბელთაძემ - საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ, და  დავით ლომიძემ - შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ.

„ჩვენი  საქმიანობა უნდა ეფუძნებოდეს მრავალმხრივ კვლევას, რომელიც გამოავლენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების როგორც სამართლებრივ, ასევე სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს“, - თქვა სოფო ქემხაძემ.

დისკუსიის ფარგლებში წარმოდგენილი იყო სახალხო დამცველის მიერ მომზადებული ანგარიშები: „ინფორმაციის თავისუფლება და ხელმისაწვდომობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის“ და „სახელმწიფო პროგრამების მონიტორინგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიზნით“.

ასევე გაიმართა გაეროს განვითარების პროგრამის მიერ განხორციელებული კვლევის „ეკონომიკური და სოციალური მოწყვლადობა საქართველოში“ იმ შედეგების განხილვა, რომელიც უშუალოდ ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობას.

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო: +995 (599) 196907, sophie.tchitchinadze@undp.org

ნინო ერემაშვილი, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი, +995 (577) 505230