სოფლად მცხოვრები ქალების დღე საქართველოში

15 ოქტომბერი 2013

image გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი - ნილს სკოტი, ფერმერ ქალთა ნაწარმის გამოფენაზე. ფოტო: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

15 ოქტომბერი, 2013 – სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღის, 15 ოქტომბრის, აღსანიშნავად საქართველოში ჩატარდა საინფორმაციო კამპანია, რომლის ინიციატორი იყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლობა.

15 ოქტომბერს, გაეროს განვითარების პროგრამის ორგანიზებით, კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯში „აისი“ გაიმართა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოფენა და  სამუშაო კონფერენცია.  ღინისძიებაში მონაწილეობა მიიღო 50-ზე მეტმა ფერმერმა და საკრებულოს წევრმა ქალბატონმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ასევე მთავრობის, პარლამენტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იყო ფერმერ ქალთა მიერ წარმოებული პროდუქცია - ხილი და ბოსტნეული, კონსერვები, მარინადები და ღვინო. გამოფენის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობას მიიღეს სოფლის მეურნეობის და განათლებისა და მეცნიერების მინისტრების მოადგილეებმა, ასევე პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავჯმდომარემ.
ფერმერმა და საკრებულოს წევრმა ქალბატონებმა დისკუსიის დროს წამოჭრეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: სასმელ და საირიგაციო წყალთან დაკავშირებული პრობლემები; ფერმერული კოოპერატივები; საძოვრები; მიწის გადასახადი და სკოლამდელი განათლება.

სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე პირველად 2008 წლის 15 ოქტომბერს აღინიშნა. ის დაფუძნდა გენერალური ანსამბლეის 2007 წლის 18 დეკემბრის რეზოლუციით 62/136  და აღიარებს „სოფლად მცხოვრებ ქალთა როლს და წვლილს სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივ განვითარებაში, საკვების უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და ადგილობრივი სიღარიბის დაძლევაში.“

საქართველოში სოფლად მცხოვრები ქალები არ არიან აქტიურად ჩართული ადგილობრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, მაგრამ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საოჯახო მეურნეობაში. სახლში შრომის არათანაბარი გადანაწილება, არ უტოვებს ქალს საკმარის დროს დასვენებისა და თვითგანვითარებისათვის. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს სოფლებში, შინამეურნეობების 69.1%-ს მამაკაცები უძღვებიან, ხოლო ქალები 30.9%-ს. მაშინ როდესაც ქალაქად შესაბამისი დაყოფა ასეთია - 61.2% და 38.8%. საკრებულოს წევრების მხოლოდ 10%-ს წარმოადგენენ ქალბატონები.

საკონტაქტო ინფორმაცია

მაკა გვრიტიშვილი, UNDP საქართველო: 551 988999(მობილური),maka.gvritishvili@undp.org

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო: 599 196907 (მობილური),sophie.tchitchinadze@undp.org