ჩემი სამყარო - მსოფლიო გამოკითხვა საქართველოში

25 სექტემბერი 2013

თბილისი. 25 სექტემბერი 2013 – 25 სექტემბერს, ნიუ იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის შეკრების დღეს, საქართველოში ჩატარდა მასიური საინფორმაციო კამპანია, რომელიც კიდევ ერთხელ შეახსენებს საქართველოს მოსახლეობას გამოკითხვას „ჩემი სამყარო“ - გლობალურ საკონსულტაციო პროცესს, რომლის მიზანია თავი მოუყაროს ადამიანთა მოსაზრებებს მათი სასურველი სამყაროს შესახებ.

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე შედგება გამოკითხვის პირველადი შედეგების განხილვა. ადგილობრივი კამპანია ხელს შეუწყობს საქართველოს წარმოჩენას ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმზე. 

საქართველოს ყველა რეგიონში, უნივერსიტეტებსა და პროფესიულ კოლეჯებში გაიმართა საინფორმაციო სესიები მსურველთათვის, ახალგაზრდული პარლამენტის წევრებმა პასუხს გასცეს შეკითხვებს გამოკითხვის „ჩემო სამყარო“ შესახებ და დაეხმარნენ მსურველებს მონაწილეობა მიეღოთ გამოკითხვაში ვებ გვერდის www.myworldgeorgia.org მეშვეობით.  

დღის მთავარ ღონისძიებას უმასპინძლა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, სადაც სტუდენტებსა და თანამშრომლებს შეხვდნენ ინიტა პაულოვიჩა, გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელი საქართველოში, და ვლადიმერ პაპავა, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.

გამოკითხვის „ჩემი სამყარო“ მიზანია გაარკვიოს, თუ როგორ სამყაროში სურთ ცხოვრება ადამიანებს და რა საკითხებია მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს უპრეცედენტო საერთაშორისო პროცესი მიმდინარეობს მსოფლიოს 194 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. გამოკითხვის მონაწილეები ავსებენ კითხვარს და 16 ჩამოთვლილი საკითხიდან ირჩევენ პირადად მათთვის მნიშვნელოვან ექვს პრიორიტეტს.

„ჩემი სამყარო“ საქართველოში ტარდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და აკადემიურ წრეებთან მჭიდრო თანამშრომლობით. გამოკითხვა მიმდინარეობს ფოკუს ჯგუფების, SMS-ის და ვებ გვერდის მეშვეობით. გამოკითხვაში უკვე მიიღო მონაწილეობა 2 ათასზე მეტმა ადამიანმა.

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო: 599 196907 (მობილური),sophie.tchitchinadze@undp.org

მაკა გვრიტიშვილი, UNDP საქართველო: 551 988999 (მობილური), maka.gvritishvili@undp.org

პრეს სამსახური
სოფო ჭიჭინაძე პრეს სამსახურის ხელმძღვანელი
sophie.tchitchinadze@undp.org +995 32 2251126 ext.158