მარნეულში იურიდიული დახმარების ცენტრი გაიხსნა

16 მაისი 2013

imageიურიდიული კონსულტაცია გორის იურიდიული დახმარების ბიუროში. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

 

მარნეული. 16 მაისი 2013 – დღეს მარნეულში გაიხსნა იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრი, რომლის მომსახურებით 130 ათასი ადამიანი ისარგებლებს. მათი უმეტესობა, 80 პროცენტზე მეტი, ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელია.

მარნეულის საკონსულტაციო ცენტრის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი - სოზარ სუბარი, და  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი - ჯეიმი მაკგოლდრიკი.

საკონსულტაციო ცენტრი იურიდიულ დახმარებას გაუწევს მარნეულისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას,  იურიდიული დოკუმენტების შედგენაში დაეხმარება და საჭიროების შემთხვევაში იურიდიული დახმარების რუსთავის ბიუროსთან  დააკავშირებს. კონსულტაციები წარიმართება ორ ენაზე - ქართულად და აზერბაიჯანულად.

მარნეულის საკონსულტაციო ცენტრი იურიდიული დახმარების სამსახურის მეთექვსმეტე ოფისია  საქართველოში. 2007 წლიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იურიდიული დახმარების სამსახურის 11 ბიურო და 5 საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. 

გორის, ახალციხის, ახალქალაქის, წალკისა და მარნეულის წარმომადგენლობების გახსნა და აღჭურვა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარებით განხორციელდა. 

იურიდიული დახმარების სამსახური საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან ის უზრუნველყოფს ხელმისაწვდომ მართლმსაჯულებას ყველა მოქალაქისათვის, მათ შორის სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის, დევნილებისა და ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენელთათვის. 

Contact Information

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო: 599 196907 (მობილური), sophie.tchitchinadze@undp.org

გიორგი სელიმაშვილი, იურიდიული დახმარების სამსახური, 599 427737 (მობილური), gselimashvili@legalaid.ge