სკოლების ეზოებში 300-ზე მეტი ხე გაიხარებს

23 აპრილი 2013

imageდედამიწის საათის აღსანიშნავად, ახალდაბის მოსწავლეებმა ვერცხლისფერი ნაძვები დარგეს სკოლის ეზოში. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

თბილისი. 23 აპრილი 2013.  ახალგაზრდული ეკო კლუბის წევრებმა, მათმა მასწავლებლებმა და მშობლებმა ახალდაბის საჯარო სკოლის ეზოში დარგეს ხეები, რითაც გარემოს დაცვისადმი თანადგომას გამოხატეს.

ბავშვებს შეუერთდნენ საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები.

ახალდაბის სკოლის გამწვანებით დასრულდა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კამპანია, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ბორჯომის, ახალდაბის, წაღვერისა და ახალციხის სკოლების ასზე მეტი მოსწავლე.

სკოლის ეზოებში დარგული ნეკერჩხლის, ცაცხვის და ვერცხლისფერი ნაძვის ნერგების მოვლაში ბავშვებს პროფესიონალი მეტყევე დაეხმარება. ხოლო ხეების მოვლას ეკო კლუბების მომავალი თაობები განაგრძობენ.

გამწვანების კამპანიის ორგანიზატორები არიან გაეროს განვითარების პროგრამა და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო.

სკოლების გამწვანება ფართო ინიციატივის ნაწილია და გარემოსდაცვითი განათლების განვითარებას ემსახურება.

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, sophie.tchitchinadze@undp.org 599 196907

ინგა ნიკაგოსიანი, გარემოს დაცვის სამინისტრო pr@moe.gov.ge 577 293979