განათლება მომავლისთვის

სიუჟეტი მომზადებულია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ.დეკემბერი 2012

ნინო ნარმანია ფოთის პროფესიული კოლეჯის "ფაზისის" სტუდენტია. ლამაზი ტანსაცმლის შექმნა მისი საყვარელი საქმეა. ადრე ამისთვის მხოლოდ მაკრატელსა და საკერავ მანქანას იყენებდა. მაგრამ კოლეჯში სწავლისას აღმოაჩინა, რომ თანამედროვე მკერავს კომპიუტერული პროგრამების ცოდნაც სჭირდება.

ნინოს კურსზე 50 სტუდენტია. ეს ფოთის პროფესიული კოლეჯის პირველი ნაკადია, რომელიც განათლებას თანამედროვე სტანდარტით მიიღებს, ხოლო პრაქტიკულ სწავლებას გაივლის კარგად აღჭურვილ სამკერვალო საწარმოში.

"ეს კოლეჯი ჩემი მომავალია", - ამბობს ნინო.

აქცენტები

  • პროფესიული განათლება დევნილთა დასაქმების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა.
  • გაეროს განვითარების პროგრამის დახმარებით, საქართველოს ცხრა პროფესიულ კოლეჯში 25 ახალი სასწავლო პროგრამა და გადამზადების კურსი ამოქმედდა.
  • სამი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო პროფესიული განათლება სხვადასხვა განხრით. მათი დასაქმების ხარისხი 70 პროცენტს აღწევს.

პროფესიული კოლეჯის სტუდენტების თითქმის ნახევარი - ისევე, როგორც ნინო ნარმანია, აფხაზეთიდან დევნილია. პროფესიული განათლება მათთვის დასაქმების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა.

კოლეჯი "ფაზისი" ყოველწლიურად 1500-მდე სტუდენტს იღებს. საგანმანათლებლო პროგრამები მორგებულია ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნაზე.

პრაქტიკული მეცადინეობისთვის გაიხსნა ხის გადამამუშავებელი და სამკერვალო საამქროები. მათი პროდუქცია - ავეჯი და ტანსაცმელი, წარმატებით იყიდება ადგილობრივ ბაზარზე. სტუდენტებისთვის ასეთი საამქრო როგორც პრაქტიკის, ასევე დასაქმების საშუალებაა. ხოლო კოლეჯისთვის - დამატებითი შემოსავლის წყარო.

კონფლიქტებისა და ომის კვალი სამეგრელოში განსაკუთრებით იგრძნობა. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე რეგიონმა თითქმის ოთხმოცი ათასი დევნილი შეიფარა. ხოლო სიღარიბე და უმუშევრობა ყოველდღიურ პრობლემად იქცა.

გაეროს განვითარების პროგრამა სამეგრელოში ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით მუშაობს. მისი საქმნიანობა ემსახურება  დევნილთა ინტეგრაციას და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

"განათლება, სამუშაო ადგილები, ადგილობრივი ბიზნესი და სოციალური ინფრასტრუქტურა - განვითარების მამოძრავებელია. ჩვენი მიზანია, რომ ადამიანებმა თავად შექმნან უკეთესი მომავალი", - ამბობს ჯეიმი მაკგოლდრიკი, UNDP-ის ხელმძღვანელი საქართველოში.

გულნარა ზაქარაია აფხაზეთიდან დევნილია. თავის გატანა  მისთვის საკმაოდ რთულია - ოჯახის ოთხი წევრიდან მხოლოდ ერთი მუშაობს.

საკუთარი ბიზნესის წამოწყება ქალბატონმა გულნარამ ოჯახის სარჩენად გადაწყვიტა. თავიდან ბიზნესის წარმართვაში კარგად ვერ ერკვეოდა, მაგრამ შემდეგ ზუგდიდის უნივერსიტეტში გახსნილი ბიზნეს საგანმანათლებლო და საკონსულტაციო პროგრამის შესახებ შეიტყო და დახმარების მისაღებად მიაკითხა.

ცენტრში მიღებული ცოდნა დაეხმარა ქალბატონ გულნარას მცირე კრედიტი აეღო და საცხობისათვის ახალი დანადგრები შეეძინა. ქალბატონი გულნარას საცხობი საუკეთესოა ზუგდიდში და მომხმარებელთა რიცხვი დღითი დღე მატულობს.  

სწავლა არასდროს არის გვიან. ახალგაზრდები მოგვესწრნენ და მოხუცებმაც მხარი უნდა ავუბათ. ბიზნეს ცენტრში ბევრი რამ ვისწავლე - უკეთესი მარკეტინგი, გაყიდვები. ეს იმისთვის გავაკეთე, რომ არ ჩამოვრჩე", - ამბობს გულნარა ზაქარაია. 

ვალერი ანთიას მზარდი ბიზნესი საგანმანათლებლო და საკონსულტაციო პროგრამის კიდევ  ერთი წარმატებაა. მისი მეურნეობა და ხის გადამამუშავებელი საწარმო სტაბილური შემოსავლის წყაროა. საწარმოში ვალერისთან ერთად რამდენიმე მისი თანასოფლელიც დასაქმდა.  

ვალერი თვლის, რომ სწავლა არასდროს არის გვიან და ახალი ცოდნის შეძენა ყველა ასაკში აუცილებელია.

ნინო ნარმანია, გულნარა ზაქარაია და ვალერი ანთია თავად ქმნიან მომავალს და ამ გზაზე ყველა შესაძლებლობას იყენებენ.

დეკემბერი 2012