ცოდნის ძირი

UNDP Georgia Pankisi
მუსა უსმანოვი ფეხსაცმლის სახელოსნოში: ფოტო: დარო სულაკაური/UNDP

იზოლდა ქიტესაშვილი წარმატებული ფერმერია. კოტეხში მისი ხეხილის ბაღის, ხილისა და კენკროვანების მოსავლის სანახავად ბევრი დადის და მისგან სოფლის მეურნეობის ახალ მეთოდებსაც სწავლობს.

ჯერ კიდევ ორი წლის წინ აქ ყველაფერი სხვაგვარად გამოიყურებოდა. ოჯახი სიღატაკის ზღვარზე იყო, რადგან ფერმერობიდან შემოსავალს ვერ იღებდნენ.

ფერმერთა ექსტენციის ცენტრი ქალბატონ იზოლდას სოფლის მეურნეობის შესწავლაში დაეხმარა. ქალბატონმა იზოლდამ სანერგე გააშენა, რაც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ქიტესაშვილების მაყვალმა და ქლიავმა მთელს გურჯაანში გაითქვა სახელი.    

აქცენტები

  • საქართველოში ექსტენციის ცენტრების მომსახურებით 2 ათასამდე ფერმერი სარგებლობს.
  • მათი შემოსავალი საშუალოდ 55 პროცენტით გაიზარდა.
  • ახალი ტექნოლოგიების დანერგვა სოფლის მეურნეობის განვითარების საწინდარია. ეს ფერმერისაგან დამატებით ცოდნას და განათლებას მოითხოვს.

"ოცდაათი წელი ექიმი ვიყავი. მე და ჩემმა მეუღლემ სამსახური 90-იანებში დავკარგეთ. გაჭირვებას არ შევეგუე და სოფლის მეურნეობას მივყავი ხელი, თუმცა წარმატების იმედი არ მქონდა. გაოცებული ვიყავი, როდესაც გვერდში ამ საქმის პროფესიონალები ამომიდგნენ", - ამბობს ქალბატონი იზოლდა.

ახალი ტიპის ექსტენციის ცენტრები საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით გაიხსნა. დღეს ამ მომსახურებით ორი ათასამდე ფერმერი სარგებლობს.

მებაღეობა და მევენახეობა, მექანიზაცია და ბიო მეურნეობა, ახალი კულტურები და ტექნოლოგიები; ამასთან ერთად ბიზნეს გეგმა, ხარჯთაღრიცხვა, იურიდიული და საბანკო საკითხები - მცირე ფერმერთა ინტერესების სფერო ფართოა.

ექსტენციის ცენტრები უშუალოდ პროფესიული კოლეჯების ბაზაზე არსებობს, რაც უზრუნველყოფს კონსულტაციის მაღალ ხარისხსა და მრავალფეროვნებას.

"სოფლის მეურნეობას უდიდესი პერსპექტივა აქვს საქართველოში, ის შეიძლება ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა გახდეს. მაგრამ გარკვეული ხელშეწყობა არის საჭირო. ფერმერთა განათლება და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა უმნიშვნელოვანესი საკითხია", - ამბობს  ჯეიმი მაკგოლდრიკი, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში.

საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი სოფელში ცხოვრობს. მაგრამ ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის წილი 10 პროცენტს არ აღემატება. სექტორი კვლავაც დანაწევრებული და სუსტია. ბევრი ფერმერი მომავალს უიმედოდ უყურებს და სოფლიდან ქალაქში გადადის საცხოვრებლად.

მუსა უსმანოვი ლტოლვოლია ჩეჩნეთიდან. თითქმის ოცი წელია საქართველოში, პანკისის ხეობაში მეუღლესა და სამ შვილთან ერთად  ცხოვრობს და თავს ირჩენს ფეხსაცმლის შეკეთებით.

მუსას სოფლის მეურნეობაში ძალების მოსინჯვას გეგმავს და ექსტენციის ცენტრის იმედი აქვს.

"ცხოველები მიყვარს. მათ შენი კარგად ესმით. ფერმის მოწყობა მინდა, მაგრამ საკმარისი გამოცდილება არ მაქვს. ექსტენციის ცენტრში კონსულტაციებს ვესწრები. მჯერა, გავაკეთებ იმას, რაც ჩაფიქრებული მაქვს", - ამბობს  მუსა.

სოფლის მეურნეობის განახლების გზა ახალი ტექნოლოგიების დანერგვაა, რაც  ფერმერისაგან ცოდნას და განათლებას მოითხოვს. მცირე ფერმერთა უმეტესობას კი ამაზე ხელი არ მიუწვდება.

შესაძლებელია, რომ ექსტენციის ცენტრების მთელს საქართველოში დანერგვამ სოფლის მეურნეობის რეფორმასაც შეუწყოს ხელი.

თანამედროვე ცოდნა და ინფორმაცია სწორედ ის გზაა, რომელიც ქართველ ფერმერებს წარმატებას მოუტანს და სოფლებს სიცოცხლესა და დოვლათს დაუბრუნებს. მუსა უსმანოვმა და იზოლდა ქიტესაშვილმა ამ გზაზე პირველი ნაბიჯები უკვე გადადგეს.

ნოემბერი 2011