მიწა, ქარი და ორგანული დამაბინძურებლები


გაწმენდითი სამუშაოები იაღლუჯას საყრელზე. აპრილი 2014. ფოტო: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

“რა შეუძლია თითოეულ ჩვენთაგანს გარემოს დასაცავად? შეიძლება შევამციროთ ელექტროენერგიის მოხმარება, არ დავანაგვიანოთ გარემო, გავუფრთხილდეთ მწვანე საფარს. თუმცა, ხშირად ყურადღებას  არ ვაქცევთ იმ პრობლემებს, რომელიც წარსულიდან გვერგო“, - ამბობს რუსთავის მაცხოვრებელი პაატა მაისაშვილი.

 

პაატა აღიარებს, რომ უკანასკნელ დრომდე არ სმენია მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების შესახებ და ვერც კი წარმოედგინა, თუ რამდენად სახიფათოა ეს  ადამიანისა და გარემოსათვის.

 

გაეროს განვითარების პროგრამისა და მსოფლიო გარემოსდაცვითი ფონდის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, პაატამ გაიარა სპეციალური გადამზადება მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების მართვის საკითხებში. ამჟამად ის ჩართულია იაღლუჯას საყრელის გაწმენდაში, სადაც ქართველი და საერთაშორისო სპეციალისტები კონტეინერებში აფასოებენ საყრელზე განთავსებულ დამაბინძურებლებს და ამზადებენ მათ საქართველოდან გასატანად.

 

პაატა იმედოვნებს, რომ მისი საქმიანობის შედეგად მოხერხდება დაბინძურებული ტერიტორიის გაჯანსაღება და ახლომდებარე სოფლებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა.   

 

უხილავი საფრთხე


საყრელზე დაბინძურებული ტერიტორია შემოსაზღვრულია; ადამიანებისა და პირუტყვის გადაადგილება სასტიკად აკრძალულია. ფოტო: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

მდგრადი ორგანული დამაბინძურებელი, შემოკლებით მოდ-ები, საქართველოს ერთი-ერთი ყველაზე მძიმე, მაგრამ ამავდროულად უხილავი ეკოლოგიური პრობლემაა. მე-20-ე საუკუნეში ეს მავნე ნივთიერებები გამოიყენებოდა ინდუსტრიის მრავალ დარგში. სოფლის მეურნეობაში პესტიციდები, რომლებიც ამ მავნე ნივთიერებებს შეიცავდნენ, ხშირად გამოიყენებოდა უხვი მოსავლის მოსაყვანად. ამის შედეგად, ტოქსიკური ნივთიერებები დაილექა წყალსა და ნიადაგში,რითაც მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნა როგორც გარემოს, ასევე ადამიანის ჯანმრთელობას. აღიარებულია, რომ ეს ნივთიერებები იწვევენ ონკოლოგიურ, რეპროდუქტიულ, ენდოკრინულ და იმუნოლოგიურ დაავადებებს.

ორგანული დამაბინძურებლები პრაქტიკულად არ იშლება. ისინი ცხოველებისა და ადამიანის ცოცხალ ქსოვილში გროვდება და თაობიდან თაობას გადაეცემა. ეს საშიში ნივთიერებები ჭეშმარიტად გლობალური პრობლემაა, რადგან ჰაერითა და წყლით გადაადგილება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქვეყანა არ აწარმოებს, იყენებს ან ასაწყობებს ორგანულ დამაბინძურებლებს, მათი გავრცელების საფრთხე მაინც დიდია.

2001 წელს მსოფლიო მთავრობებმა ხელი მოაწერეს საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომელიც მიზნად ისახავს ორგანული დამაბინძურებლების წარმოების, გამოყენების, გამოფრქვევისა და დასაწყობების აღმოფხვრას. 150 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, შეუერთდა სტოკჰოლმის კონვენციას.

მოდ-ების გამოყენება საქართველოში აიკრძალა 1975 წელს, ხოლო კანონიერი გამოყენება საბოლოოდ შეწყდა 1980-დან. თუმცა ვადაგასული პესტიციდების საყრელები კვლავაც არსებობს ქვეყნის რამდენიმე რეგიონში. ათწლეულების მანძილზე ეს საყრელები არასათანადოდ იმართებოდა, რაც იწვევდა პესტიციდების მუდმივ გაჟონვას ნიადაგსა და წყალში. არსებულ საფრთხეს ემატება ისიც, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ ცოტა რამ იცის მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების შესახებ და უსაფრთხოების ზომებს არ იცავს, მაგალითად იყენებს დაბინძურებულ ტერიტორიას საძოვრებად და არ ერიდება ვადაგასულ დაზიანებულ კონტენიერებს.  

გაეროს განვითარების პროგრამა გარემოსდაცვითი ფონდის ფინანსური მხარდაჭერით თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რათა შეამციროს მოდ-ების გამოფრქვევა მარაგებიდან და, სადაც შესაძლებელია,  გაიტანოს ტოქსიკური ნივთიერებები ქვეყნიდან.

სამუშაოები იაღლუჯაზე


სამუშაოებს იაღლუჯაზე ბერძნული კომპანიის მთავარი ინჟინერი ჯორჯ ნიკოლაიდისი უდგას სათავეში. აპრილი 2014. ფოტო: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

იაღლუჯას საყრელზე დაბინძურებული ტერიტორია შემოსაზღვრულია, ხოლო ადამიანებისა და პირუტყვის გადაადგილება სასტიკად აკრძალული. ტერიტორიის საფუძვლიანი შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ 60 ათასი ტონა ნიადაგი დაბინძურებულია და აღდგენას საჭიროებს, ხოლო 230 ტონა პესტიციდები უნდა იქნას ამოღებული და განადგურებული.

„მდგრადი ორგანული დამაბინძურებლები საერთო პრობლემაა, იგი სახელმწიფოების საზღვრებს არ ემორჩილება“, - ამბობს ჯორჯ ნიკოლაიდისი, ბერძნული კომპანიის „პოლიეკო“ ინჟინერი.

„პოლიეკო“ ლიდერია ნარჩენების მართვის საკითხებში. სწორედ ეს კომპანია აწარმოებს სამუშაოებს იაღლუჯას საყრელზე. ამოღებული მოდ-ები კონტეინერებში დაფასოვდება და გადაიგზავნება საფრანგეთსა და ბელგიაში, სადაც მოხდება მათი განადგურება უსაფრთხოების ზომების დაცვით.

„ამ მავნე ნივთიერებების განადგურება აუცილებელია ჩვენი უსაფრთხო და ჯანმრთელი მომავლისთვის,“- ამბობს ნიკოლაიდისი.

სამუშაოები იაღლუჯაზე 2014 წლის მაისში დასრულდება. მაგრამ საქართველოს კვლავ გრძელი გზა აქვს გასავლელი მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების საბოლოო განადგურებამდე.

აპრილი 2014