წყალდიდობის შემდეგ


ნათელა ბენიძე, სოფელი ჭალადიდი

რიონის აუზი ცნობილია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული სხვასხვა ბუნებრივი კატასტროფის მაღალი რისკით.  წლიდან წლამდე იზრდება წყალდიდობების, წყალმოვარდნების, ზვავებისა და სელის შემთხვევები. მატულობს სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების, საცხოვრებელი სახლების, გზებისა და ხიდების დაზიანების საფრთხე.  გასული ათწლეულის მანძილზე ჰიდრო-მეტეოროლოგიურ კატასტროფებს ემსხვერპლა 10 ათას ჰექტარზე მეტი სახნავ-სათესი მიწა. საქართველოსთვის ეს ძალზე მტკივნეული შედეგია, იმის გათვალისწინებით, რომ სახნავ-სათესი მიწის ოდენობა ერთ სულ მოსახლეზე 0.14 ჰექტარია.

აქცენტები

  • რიონის აუზის 200 ათასზე მეტი მოსახლე ცხოვრობის წყალდიდობებისა და სხვა სტიქიური უბედურების მუდმივი საფრთხის ქვეშ.
  • უკანასკნელი 10 წლის მანძილზე ადგილობრივმა სოფლებმა დაკარგეს სახნავ-სათესი მიწის 10 ათას ჰექტარზე მეტი.
  • გაეროს განვითარების პროგრამა ეხმარება მოასახლეობას გამოიყენოს წყალდიდობასთან გამკლავების თანამედროვე, ეფექტური და რეალისტური მეთოდები.

წყალდიდობები და წყალმოვარდნები ხშირია სოფელ ჭალისთავში, სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების ფართობი აქ ყოველწლიურად მცირდება. ნათელა ბენიძეს ოჯახს ერთ დროს ხორბალი მოჰყავდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მათი ნაკვეთი 0.2 ჰექტარამდე შემცირდა, სოფლის მეურნეობამ აზრი დაკარგა.   

ნათელას მეუღლე, ბადრი საღინაძე, ამბობს, რომ წყალდიდობები გახშირდა 1985 წლის შემდეგ.

ჭალისთავი ადრე მთის ფერდობების სიახლოვეს ყოფილა განლაგებული, მაგრამ ზვავების გაზრდილი საფრთხის გამო სოფელი აიყარა და მდინარესთან გადმოინაცვლა. ზვავებს გაქცეულები ამჯერად წყალდიდობებსა და წყალმოვარდნებს უმკლავდებიან. ადრეული გაფრთხილების სისტემა სოფელში არ შემოღებულა. წყალდიდობის შესახებ მაცხოვრებლებს ატყობინებს სირენა, რომელიც კაშხალზეა განლაგებული. დანარჩენი მათ სისწრაფესა და მოხერხებულობაზეა დამოკიდებულები. სოფლის ევაკუაცია წამებში უნდა მოხდეს, რაც განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის მოხუცებს, ბავშვებსა და ავადმყოფებს. რამდენიმე ხნის წინ წყალდიდობას ემსხვერპლა მოხუცი ქალბატონი, რომელმაც უბრალოდ ვერ გაიგო სირენის ხმა. 


ეთერ შავლაძე, სოფელი ჭრებალო

ეთერ შავლაძე, მეზობელი სოფლის - ჭრებალოს მკვიდრი, გვიყვება, რომ უკანასკნელი წყალდიდობის დროს წყალმა წალეკა მისი ნახირი და წიწილა. ვენახი და ბოსტანიც განადგურდა, ხოლო ოჯახი დარჩა ქვებით მოფენილი მიწის ამარა.

აქცენტები

  • მოსახლეობას შეუძლია შეამციროს წყალდიდობის უარყოფითი ეფექტი ბიოინჟინერული მეთოდების გამოყენებით.
  • თხრილები, ტერასები და ნარგვები ამცირებენ წყალმოვარდნის რისკს.
  • ღრმაფესვიანი ბუჩქნარი, თხილისა და ჩაის პლანტაციები იცავენ სოფლებს დატბორვისგან.

ქალბატონი ეთერის აზრით, წყალდიდობების სიხშირე და ინტენსიურობა გაიზარდა უკანასკნელი 20 წლის მანძილზე. მის სოფელი წელიწადში ორჯერ მაინც იტბორება, ხოლო წყლის დონე საცხოვრებელი სახლების სარდაფებს აღწევს.   

საქართველოს მთავრობა ატარებს თანმიმდევრულ სტრუქტურულ ზომებს, რომლებიც გრძელვადიან შედეგზეა გათვლილი. მაგრამ რიონის აუზის 200 ათასზე მეტი მაცხოვრებლის პრობლემები მყისიერ გადაწყვეტას საჭიროებს.

გაეროს განვითარების პროგრამა და გარემოს ეროვნული სააგენტო, ადაპტაციის ფონდის დაფინანსებით, მუშაობენ უშუალოდ დაზარალებულ სოფლებთან. ჩვენი დახმარების მეშვეობით,  ადგილობრივი მაცხოვრებლები სწავლობენ წყალდიდობასთან გამკლავების თანამედროვე,  ეფექტურ და რეალისტურ მეთოდებს.  

ყველა პრაქტიკული მოდელი, მაგალითად, ბიოინჟინერული მეთოდები, ეფუძნება ადგილობრივი ვითარების სიღრმისეულ კვლევასა და საფრთხეების შეფასებას. მოსახლეობა სწავლობს, როგორ შეამციროს წყლის გაჟონვა ვეგეტატიური გადახურვის გზით; როგორ დაიცვას სოფელი წყალმოვარდნისგან თხრილების, ტერასებისა და ნარგავების მეშვეობით; როგორ გამოიყენოს ღრმაფესვიანი ბუჩქები, თხილისა და ჩაის პლანტაციები დატბორვის საფრთხის შესამცირებლად.  

წყალდიდობისგან დაცვასთან ერთად, ეს სამუშაოები დამატებითი შემოსავლის წყაროა, რაც მეტად მნიშვნელოვანია ამ რეგიონისთვის, სადაც უმუშევრობის დონე ორჯერ აღემატება საქართველოს საშუალო მაჩვენებელს და 33 პროცენტს აღწევს. 

2012 წელს დაწყებული პროექტის საქმიანობა ვრცელდება რიონის აუზის ექვსს მუნიციპალიტეტზე, ხოლო მოსარგებლეთა რიცხვი 200 ათასს აღემატება.

წყალდიდობებისა და სხვა ბუნებრივი მოვლენების შეჩერება შეუძლებელია, მაგრამ ჩვენს ძალაშია შევამციროთ ის საფრთხე, რომელიც ემუქრება დაუცველ მოსახლეობას, და გავზარდოთ ადამიანთა უნარი გაუმკლავდნენ ბუნებრივ კატასტროფებს. 

ივლისი 2014