რა სურთ ქართველებს

კვლევა „ჩემი სამყარო“ საქართველოში

UNDP Georgia MY World
სტუდენტი ანუკი მოსიაშვილი მონაწილეობას იღებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ "ჩემი სამყაროს" საინფორმაციო სესიაში. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

ყოველი ჩვენთაგანი ერთხელ მაინც დაფიქრებულა უკეთეს სამყაროზე. ყველას ჩვენი წარმოდგენა გვაქვს იმაზე, თუ რა არის საჭირო ჩვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლისათვის. სუფთა ჰაერი და მწვანე გარემო? თანაბარი პირობები ყველასთვის? შიმშილისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრა?

აქცენტი

  • ხარისხიანი განათლება ქართველებისათვის მთავარი პრიორიტეტია.
  • საქართველოს მოქალაქეების პრიორიტეტების პირველ ხუთეულში განათლებასთან (78%) ერთად შედის დასაქმება, (71%), ჯანდაცვა (66%), დანაშაულისა და ძალადობისგან დაცვა (51%) და კარგი მმართველობა (49%).
  • მონაცემები შეგროვდა ფოკუს ჯგუფების, ვებ გვერდისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების მეშვეობით.

წელს გაერომ გადაწყვიტა, მსოფლიოს მოსახლეობისათვის სწორედ ეს კითხვა დაესვა. „MY World/ჩემი სამყარო“ არის უპრეცედენტო გლობალური გამოკითხვა, რომელიც მსოფლიოს 194 ქვეყანაში ტარდება. მისი მონაწილეები ირჩევენ  პრიორიტეტებს, რომელიც მნიშვნელოვანია პირადად მათთვის და მათი ოჯახებისათვის. მილიონობით ადამიანის პასუხების საფუძველზე იქმნება სამყაროს სურათი, რომელიც ასახავს მისი მაცხოვრებლების საჭიროებებსა თუ გამოწვევებს. დღეისათვის 1 მილიონზე მეტმა ადამიანმა უკვე გააკეთა არჩევანი.

UNDP Georgia MY World
მცხეთაში ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლები მოქალაქეებს კვლევის შესახებ ინფორმაციას აწვდიან. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

საქართველო ჩაერთო გამოკითხვაში 2013 წლის ზაფხულში. მასშტაბური საინფორმაციო კამპანია გაიმართა უნივერსიტეტების, არასამთავრობო და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობით, ხოლო გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ყველა რეგიონის,დიდი ქალაქებისა თუ პატარა სოფლების მაცხოვრებლებმა.

გამოკითხვა კვლავ გრძელდება, თუმცა პირველადი მონაცემები უკვე ცნობილია.

ხარისხიანი განათლება ქართველებისათვის მთავარი პრიორიტეტია. როგორც გამოკითხვის ერთ-ერთი მონაწილე, ნინო კაპანაძე ამბობს, კარგი განათლება ყოველი ადამიანის წარმატების,საზოგადოებასთან და სახელმწიფოსთან ურთიერთობის საწინდარია. ხოლო განათლების ნაკლებობა აფერხებს ქვეყნის პროგრესსა და განვითარებას.


საინფორმაციო კამპანია მცხეთაში. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

„როდესაც “ჩემი სამყაროს“პრიორიტეტების სიას გადავხედე, ვიფიქრე, რომ ყოველი მათგანი თანაბრად მნიშვნელოვანია. თუმცა, განათლება მაინც პირველ ადგილზეა ქვეყნის კეთილდღეობის, განვითარებისა და ზრდის საქმეში“, - ამბობს ნინო.

პირველადი შედეგების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეების პრიორიტეტების პირველ ხუთეულში განათლებასთან (78%) ერთად შედის დასაქმება, (71%), ჯანდაცვა (66%), დანაშაულისა და ძალადობისგან დაცვა (51%) და კარგი მმართველობა (49%).

„ჩემი პრიორიტეტია პასუხისმგებლიანი მთავრობა, რომელიც მუშაობს ხალხისთვის, უსმენს მას, ასრულებს დანაპირებს, არის პროფესიონალური და პატრიოტული, უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას და ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესებას“, - ამბობს ანუკი მოსიაშვილი, სტუდენტი თბილისიდან.

გამოკითხვის მეთოდოლოგია საშუალებას იძლევა გამოვლინდეს რეგიონული განსხვავებები პრიორიტეტებს შორის. მაგალითად,  სამცხე ჯავახეთის მოსახლეობა უპირატესობას ანიჭებს ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორობას. მთიან რაჭა-ლეჩხუმში ტელეფონი, ინტერნეტ კავშირი და გზები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.

UNDP Georgia MY World
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კვლევის პირველადი შედეგების პრეზენტაციაზე. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი კვლევის პროცესში. საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, ერთ-ერთმა პირველმა მიიღო მონაწილეობა გამოკითხვაში და აირჩია საკუთარი პრიორიტეტები. „ჩემი სამყაროს“ შედეგები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ პირველად, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, მიმდინარეობს საქართველოს განვითარების ეროვნული სტრატეგიის შემუშავება.

კვლევა „ჩემი სამყარო“ უნიკალური შანსია როგორც მსოფლიოს მაცხოვრებლებისათვის, ასევე პოლიტიკური ლიდერებისათვის. მან შექმნა ორმხრივი ურთიერთობის პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია აზრების გაცვლა მომავალი ათწლეულის განვითარების სტრატეგიაზე და უშუალო კონტაქტი მსოფლიო ლიდერებთან. ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევის პროცესი თანდათან დასასრულს უახლოვდება, ხოლო „ჩემი სამყაროს“ შედეგები აისახება უკვე შემდგომი განვითარების გეგმებში.

გამოკითხვა გრძელდება. თუ ჯერ კიდევ არ აგირჩევიათ თქვენი პრიორიტეტები, ეწვიეთ ვებ გვერდს http://myworldgeorgia.org და ხმა მიეცით სამყაროს თქვენეულ ხედვას.

ოქტომბერი 2013

პრეს სამსახური

სოფო ჭიჭინაძე

პრეს სამსახურის ხელმძღვანელი

sophie.tchitchinadze@undp.org

+995 32 2251126 ext.158