მე ვარ ქალი

გენდერული სტერეოტიპები კვლავაც ძლიერია საქართველოში, სადაც დემოკრატიული გარდაქმნები და ეკონომიკური ზრდა ერწყმის სოციალურ ტრადიციებს.

 

გაეროს განვითარების პროგრამის 2013 წლის კვლევის შედეგად ირკვევა, რომ საზოგადოების დამოკიდებულება გენდერული თანასწორობის მიმართ არ შეცვლილა წლების განმავლობაში. საქართველოს მოსახლეობის 88% მიიჩნევს, რომ კაცი უნდა იყოს ოჯახის მარჩენალი. ქალების 62% და კაცების მხოლოდ 37% ფიქრობს, რომ ქალი და კაცი თანაბრად უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებას ოჯახში. გამოკითხულთა უმრავლესობა (45%) თვლის, რომ თუ ოჯახში მხოლოდ ერთი შვილია, ჯობს, რომ ეს იყოს ვაჟი. ბიჭებს ასევე ენიჭებათ უპირატესობა განათლებისა და საკუთრების უფლების კუთხით. 57% მიიჩნევს, რომ კაცს უფრო დიდი შანსი აქვს იპოვოს სამსახური მაღალი რანგის მენეჯერის პოზიციაზე.

 

მიუხედავად ამისა, ქალები სულ უფრო აქტიურად იღებენ მონაწილეობას ქვეყნის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში. ქალების წარმატება აშკარაა იმ სფეროებშიც, რომლებიც ტრადიციულად მამაკაცებიც საქმიანობის სფეროებად ითვლებოდა.    

ავტობუსი უდაბნოში


ფიქრია მარგიანი და უდაბნოს ქალთა ჯგუფი. მარტი 2014. ფოტო: დარო სულაკაური/UNDP

სოფელი უდაბნო წლების მანძილზე იყო მოწყვეტილი მთავარ გზატკეცილს და მუნიციპალურ ცენტრს, საგარეჯოს. მუნიციპალური სამარშრუტო ტაქსი კვირაში ერთხელ  თუ ჩაივლიდა, რაც საგრძნობ პრობლემას უქმნიდა უდაბნოში მაცხოვრებელ 180 ოჯახს. სატრანსპორტო სისტემის მოგვარება დაიწყო მაშინ, როდესაც ქალების აქტიურმა ჯგუფმა ეს საქმე საკუთარ თავზე აიღო.

32 წლის ფიქრია მარგიანი სოფელ უდაბნოში არსებული ფოლკლორული გუნდის ლოტბარია. ის მუშაობს როგორც ბავშვებთან, ასევე მათ მშობლებთან. სოფელში მას ყველა იცნობს. გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, ფიქრიამ მონაწილეობა მიიღო სამოქალაქო ჩართულობის ტრენინგში და გადაწყვიტა გადაედგა პირველი ნაბიჯი უდაბნოს მაცხოვრებელთა ყოფის გასაუმჯობესებლად.

ფიქრია სათავეში ჩაუდგა ქალთა საინიციატივო ჯგუფს, რომელმაც დაარწმუნა ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, გამოეყო სოფლისათვის მიკრო ავტობუსი საგარეჯოსთან დასაკავშირებლად.

„ქალაქში ჩასვლა უფრო ადვილი გახდა, ეს ჩვენთვის დიდი შვებაა. შედეგით კმაყოფილი ვარ, მაგრამ მეტის მიღწევას ვაპირებ“, - ამბობს ფიქრია.

ქალთა ჯგუფმა განაცხადი შეიტანა მცირე გრანტის მისაღებად. ამ ფულით ისინი აპირებენ სოფელში სკვერის გაშენებას და ბავშვებისათვის სპორტული მოედნის მოწყობას.

მცირე გრანტები გაეროს განვითარების პროგრამის გენდერული პროექტის ნაწილია და გამიზნულია მცირე სათემო ინიციატივების განხორციელებისათვის.

გენდერული პროგრამა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მუშაობს. იგი ეხმარება ქალებს გახდნენ აქტიური მოქალაქეები, მიიღონ მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მართონ პროექტები და ხელი შეუწყონ სასიკეთო ცვლილებებს.

ფერმერი ქალები


ირინა ფხოველიშვილი საკუთარ ვენახში. მარტი 2014. ფოტო: დარო სულაკაური/UNDP

ირინა ფხოველიშვილი კახეთის ფერმერ ქალთა პირველი ასოციაციის თავმჯდომარეა. ასოციაციაში იკრიბებიან ქალები, რომლებმაც ოჯახის რჩენა საკუთარ თავზე იტვირთეს და საკუთარი შესაძლებლობებით ცდილობენ სიღარიბის დაძლევას.  ქალები ასოციაციაში იღებენ ინფორმაციას სოფლის მეურნეობაში გამოყოფილ კრედიტებზე,  დაზღვევაზე, იურიდიულ დახმარებასა და ბიზნეს თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.

ასოციაცია დაფუძნდა 2013 წელს გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით. ერთი წლის მანძილზე წევრების რიცხვმა უკვე 130-ს მიაღწია.  

„ქალები ყველაფერს შეძლებენ, თუკი გადაწყვიტეს. 1990-იან წლებში სოფლის მეურნეობა უკან მიდიოდა და მხოლოდ ქალების წყალობით გადარჩა. ძლიერი სოფლის მეურნეობა და ძლიერი ფერმერი საქართველოს მომავალია და მეც მსურს, ამ წარმატების ნაწილი ვიყო“, - ამბობს ირინა ფხოველიშვილი.

ირინა თავადაც გამოცდილი ფერმერია. მის მეურნეობაში შედის სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები, ფერმები და თევზსაშენები. სეზონურად აქ 30-მდე ადამიანია დასაქმებული.

ათი წლის განმავლობაში ირინა მოღვაწეობდა ადგილობრივ თვითმართველობაში, სადაც  აგრარული საკითხებით იყო დაკავებული.

ირინას ენთუზიაზმი, ენერგია და ოპტიმიზმი არწმუნებს ადგილობრივ ქალებს, რომ წარმატების მიღწევა შესაძლებელია იმ დარგებშიც, სადაც ტრადიციულად მამაკაცები დომინირებენ.

თანასწორობის ღია კარი


რიგითი დღე ირმა დაუშვილის კომპანიის საამქროში. მარტი 2014. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

ირმა დაუშვილმა წელს მიიღო გენდერული თანასწორობის ჯილდო, როგორც საუკეთესო მეწარმე ქალმა. ირმა ხელმძღვანელობს წარმატებულ კომპანიას, რომელიც აწარმოებს ფარდა-ჟალუზებსა და კარ-ფანჯარას. ბიზნესში ის უკვე 20 წელია. როგორც გამოცდილი მეწარმე, ირმა დარწმუნებულია, რომ გენდერული თანასწორობა მისი კომპანიის ძლიერი მხარეა.

„ჩვენთან 100 კაცზე მეტია დასაქმებული. ქალები და მამაკაცები თანაბრად არიან წარმოადგენილნი აღმასრულებელ და სხვა დონეებზე. ეს ჩვენი სიძლიერეა. ჩვენ გადაწყვეტილებებს ერთად ვიღებთ და ერთმანეთს მხარში ვუდგავართ“, - ამბობს ირმა.

პირველი ნაბიჯები ბიზნესში


თიკა ვეტრიაკოვა და მისი გუნდი "სუფთა სამყარო აჭარიდან." 2013. ფოტო: გურამ საყვარელიძე/UNDP

მონდომება და შრომისმოყვარეობა ახალგაზრდა ბათუმელი მეწარმის, თიკა ვეტრიაკოვას წარმატების ფორმულაა. უკვე ოთხი წელია, რაც თიკა ხელმძღვანელობს დასუფთავების სამსახურს „სუფთა სამყარო - აჭარა.“

„თავიდან ძალიან გამიჭირდა.არც ფული მქონდა, არც გამოცდილება. ჩემს ახლობლებსაც კი აეჭვებდა ჩემი წამოწყების წარმატება. სათითაოდ ჩამოვუარე ყველა პოტენციურ კლიენტს, რათა ჩვენი მომსახურება  შემეთავაზებინა,“ -  იხსენებს თიკა.  

„სუფთა სამყარო“ ერთ-ერთი პირველია იმ კომპანიებიდან, რომელმაც დახმარებისათვის ბათუმის ბიზნეს ინკუბატორს მიმართა.ინკუბატორი დაარსდა 2009 წელს გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით და რუმინეთის, ფინეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობების ფინანსური მხარდაჭერით. ინკუბატორი ხელს უწყობს მცირე და საშუალო კომპანიებს ბიზნესის განვითარების ადრეულ ეტაპზე.

„ინკუბატორმა მომიხსნა არაერთი ყოველდღიური პრობლემა. მეტი დრო დამრჩა კომპანიის განვითარებისათვის. ვესწრებოდი ტრენინგებს, კონსულტაციებს და შევისწავლე ფინანსური ანალიზი, მარკეტინგი, ადამიანური რესურსების მართვა“.

2010 წელს თიკას კომპანიაში დასაქმებული იყო ხუთი ადამიანი, ხოლო 2013 წელს უკვე 190. დღეისთვის „სუფთა სამყარო“ ყველაზე წარმატებული დასუფთავების სამსახურია აჭარაში. მისი დამლაგებლების  ცისფერ უნიფორმებს ყველგან მოჰკრავთ თვალს.

„ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ წარმატებისთვის მიმეღწია. უკვე ახალი გეგმები მაქვს, „სუფთა სამყარო“ მხოლოდ დასაწყისია.“

მე ვიცი ფრენა


ირმა ხეცურიანი ემზადება ფარიკაობაში სავარჯიშოდ. ფოტო: დარო სულაკაური/UNDP

29 წლის ირმა ხეცურიანი პირველი ქართველი ეტლით მოფარიკავე ქალია. შარშან ის გერმანიაში ჩატარებული მსოფლიო თასის პირველ ხუთეულში მოხვდა. წელს კანადისთვის ემზადება,სადაც მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება.

ირმა აფხაზეთიდან დევნილი ოჯახიდანაა. სკოლა წყალტუბოში დაამთავრა, ხოლო შემდეგ თბილისში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც უნივერსიტეტში ჩააბარა. პირველი კურსის დახურვა მოასწრო, როდესაც მძიმე დიაგნოზი დაუსვეს. ხანგრძლივი მკურნალობისა და ოპერაციის მიუხედავად, ირმა ეტლს მიეჯაჭვა. მოუწია უნივერსიტეტის მიტოვება, ცხოვრების წესის შეცვლა.

ფარიკაობა ირმას ახალი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

„ჩემი სპორტული კარიერა რვა თვის წინ დაიწყო. გამიკვირდა, როდესაც პარაოლიმპიურმა  კომიტეტმა შემომთავაზა ეტლით ფარიკაობა. თავიდან ვიფიქრე რომ ვერ შევძლებდი, მაგრამ მერე მივხვდი, რამდენად  საინტერესო იყო. საქართველოს გუნდში ექვსნი ვართ, მე ერთადერთი გოგო ვარ. ფარიკაობა ინტელექტუალური და აზარტული სპორტია, თუ ერთხელ მოიწამლე ვეღარ დათმობ“, - ამბობს ირმა.

საქართველოს კვლავაც გრძელი გზა აქვს გასავლელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებების დაცვის  საქმეში. საქართველოში არსებული გარემო, მუნიციპალური და სოციალური პრაქტიკა ჯერ კიდევ ვერ უზრუნველყოფს მათი შესაძლებლობების სრულ რეალიზებას, ცხოვრების ადექვატური პირობების შექმნას.

სახალხო დამცველისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ ჩატარებული კვლევა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ამახვილებს ყურადღებას: აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე მნიშვნელოვანია მეტი ყურადღება ეთმობოდეს განათლებას, ჯანდაცვას, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.

კვლევამ აჩვენა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალები განსაკუთრებით ხშირად განიცდიან დისკრიმინაციას.

„ჩვენი უფლებები ყოველდღიურად ირღვევა”, ამბობს ირმა.

ის ფიქრობს, რომ მეტი ინფორმაცია, ღია საუბარი, უკეთესი კანონმდებლობა დაეხმარება ადამიანიებს, დაინახონ ერთმანეთი და აღიარონ, რომ თანაბარნი არიან.

„ეტლში ჯდომის გამო არც მსხვერპლი უნდა იყო და არც გმირი. მე შემიძლია ბევრი კარგი საქმის კეთება. მე შემიძლია ღიმილი... მე შემიძლია ცეკვა... მე შემიძლია ფრენა...“

პრეს სამსახური

სოფო ჭიჭინაძე

პრეს სამსახურის ხელმძღვანელი

sophie.tchitchinadze@undp.org

+995 32 2251126 ext.158