ტექნოლოგიები უსაფრთხოებისთვის

Georgia conflict innovation
პოლიციის პატრული სოფელ დიცში. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

anketa#a#non00b#wed1c#7d#pol24ngo2 - სოფელ დიციდან გაგზავნილი ეს უჩვეულო მოკლე ტექსტური შეტყობინება იუწყება, რომ ბოლო ერთმა კვირამ ინციდენტების გარეშე ჩაიარა. გამოვლინდა სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრე ზოლის გადაკვეთის მხოლოდ ერთი შემთხვევა, როდესაც დიცის მკვიდრი ქორწილში მიემართებოდა. ადგილობრივი მოსახლეობა უსაფრთხოებას 10 ქულიან სკალაზე 7 ქულით აფასებს. პოლიციამ პატრულირება გასწია 24-ჯერ, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციებმა - ორჯერ.

აქცენტები

  • მოკლე ტექსტური შეტყობინებები უსაფრთხოების საინფორმაციო ქსელის საფუძველია
  • შიდა ქართლის სოფლების 1000-ზე მეტი მაცხოვრებლისთვის ელვა ნიშნავს დახმარებას და დაცვას
  • 2012 წლის იანვრიდან მაისამდე ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ აღრიცხულია 650 ინციდენტი

მსგავსი გზავნილები ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ორი წლის წინ შექმნილი საინფორმაციო ქსელის საფუძველია. ქსელში მოხალისეებად გაერთიანებულია ადმინისტრაციული სასაზღვრე ზოლის მახლობლად მდებარე სოფლების მაცხოვრებლები, რომლებიც აგზავნიან ყოველკვირეულ ინფორმაციას ინციდენტების შესახებ. 30 წუთის მანძილზე ეს ინფორმაცია მიეწოდება უსაფრთხოების სამსახურებს, რაც პოლიციის და საერთაშორისო დამკვირვებლების დროულ რეაგირებას უზრუნველყოფს.

„ადმინისტრაციულ სასაზღვრე ზოლთან ახლოს ვცხოვრობთ. მეორე მხარეს ხშირად ისე გადავდივართ, რომ ამას ვერც კი ვხვდებით. მაგალითად, როდესაც სარწყავი არხების  გასაწმენდად, დაკარგული ძროხის საპოვნელად ან შეშის მოსატანად მივდივართ“, - ამბობს გელა მინდიაშვილი, ადგილობრივი კოორდინატორი დიციდან.

უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები კვლავაც მწვავეა შიდა ქართლის სოფლებში, რომლებიც ადმინისტრაციული სასაზღვრე ზოლის მახლობლადაა განლაგებული. მართალია, 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ, ფიზიკური საფრთხის შემცველი ინციდენტების რიცხვი საგრძნობლად შემცირდა, მაგრამ ზოგადი უსაფრთხოების საკითხები ჯერაც არ მოგვარებულა.  

2012 წლის იანვრიდან მაისამდე აღრიცხულია 650 ინციდენტი. მათ შორის, სპორადული სროლა, შეიარაღებული დაჯგუფებების გადაადგილება, ნაღმებზე დაშავების და დაკავების შემთხვევები. ხშირ შემთხვევაში ასეთ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირება შესაძლებელი გახდა სწორედ მოკლე ტექსტური შეტყობინებების გავრცელების შედეგად. 

„დაკავებულთა შესახებ ინფორმაციის გადაცემას და მოლაპარაკებებს რამდენიმე დღე მიჰქონდა. ეხლა ჩვენ უმალ ვაგზავნით ტექსტურ გზავნილს ანუ „ელვას“ პოლიციაში და საერთაშორისო დამკვირვებლებთან“, - ამბობს გელა მინდიაშვილი.

ელვა ანუ სწრაფი გზავნილი იმ საინფორმაციო პლატფორმის სახელია, რომელიც უზრუნველყოფს მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნას, მიღებას, ინფორმაციის აღრიცხვასა და სისტემატიზაციას. პლატფორმა „ელვა“ შეიქმნა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრისა და ბრიტანულ არასამთავრობო ორგანიზაციის Saferworld-ის  მიერ გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით. შიდა ქართლის ბევრი მაცხოვრებლისთვის „ელვა“ ნიშნავს დახმარებას და დაცვას.

„ინფორმაციაზე სწრაფ წვდომას შეუძლია გადაარჩინოს სიცოცხლე და საკუთრება, დაიცვას არსებობის წყარო და განვითარების ინვესტიციები. ეს ახალი ტექნოლოგია შეიძლება გახდეს პრევენციული პლატფორმების ნაწილი, რადგან მისი მეშვეობით შესაძლებელია ინფორმაციის მართვა და გაცვლა, მოქალაქეების დაკავშირება როგორც მთავრობასთან, ასევე ერთმანეთთან“, - ამბობს ჯეიმი მაკგოლდრიკი, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი.

ელვას პროექტის მენეჯერი იონ ქათშოექის თქმით, საინფორმაციო პლატფორმა სოფლებიდან მოწოდებულ ინფორმაციას ყოველკვირეულ ანგარიშებში ახარისხებს, რაც შესაძლებელს ხდის მოვლენათა განვითარების დინამიკისა და სხვადასხვა მაჩვენებლის ცვლილებების მონიტორინგს.

ასევე,ელვას მეშვეობით,  ვრცელდება ადგილობრივი ფერმერებისთვის სხვა საინტერესო ინფორმაცია - ამინდის პროგნოზი, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული სიახლეები და განცხადებები.

„რამდენიმე კვირის წინ მივიღეთ ინფორმაცია მოსალოდნელი უამინდობის შესახებ და დროულად მოვემზადეთ“, - ამბობს ზაალ ახალკაცი, ფერმერი სოფელ დიციდან.

ზაალი  ელვას ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხმარებელია. ფიქრობს, რომ ეს პლატფორმა მოსახერხებელია როგორც ინფორმაციის გაცვლისთვის, ასევე,  ერთმანეთთან დასაკავშირებლად. ზაალის აზრით, ელვას გამოყენება სამხრეთ ოსეთის მოსახლეობასაც შეუძლია.

„ერთმანეთს სულ რაღაც 200 მეტრი გვაცილებს. არის ყოველდღიური საკითხები, რომელიც ერთად უნდა გადავწყვიტოთ. მაგალითად, სარწყავი სისტემა და ირიგაცია. ელვას მეშვეობით ინფორმაციის გაცვლა გაცილებით ადვილი იქნებოდა.“

ცუდი გზებისა და ინტერნეტის პირობებში, მობილური ტელეფონები ყველაზე მარტივი გზაა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ან მეზობელ სოფლებთან დასაკავშირებლად.  ხოლო მათთვის, ვინც შეირაღებული კონფლიქტი გადაიტანა, ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა დაუცველობის შეგრძნების დასაძლევად. 

„ელვა კარგია ჩემი სოფლისთვის, ყველა ჩვენთაგანისთვის“, - ამბობს ლელა ილურიძე, სოფელ ფლავის მკვიდრი.

„ეს დახმარების იმედია. იმედი იმის, რომ მარტო არ დავრჩებით“.

მაისი 2013

პრეს სამსახური

სოფო ჭიჭინაძე

პრეს სამსახურის ხელმძღვანელი

sophie.tchitchinadze@undp.org

+995 32 2251126 ext.158