ნდობა, როგორც წინსვლის წინაპირობა


ახალგაზრდული ბანაკები, პროფესიული ტრენინგი, კვლევითი საქმიანობა, სამედიცინო მომსახურება და ბიზნეს პროექტები -ეს იმ ინიციატივების არასრული ჩამონათვალია, რომელიც 2010 წლიდან მოყოლებული ხორციელდება ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმის (COBERM) ფარგლებში.

 

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივის მიზანი კონფლიქტით დაზარალებულ თემებს შორის ნდობისა და ურთიერთპატივისცემის აღდგენაა.

 

COBERM მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოების შემოქმედებით, ინოვაციურ და, ამავდროულად, რეალისტურ იდეებს. იგი ეძებს  ახალ გზებს  ნდობისა და ურთიერთგაგების შესაქმნელად.

 

ყოველი ინიციატივის უკან დგანან ადამიანები, რომელთა ცხოვრება ოდნავ მაინც გაუმჯობესდა პროექტის შედეგად.

 

მეგობრობა თუ კონფლიქტი

 

2013 წელს თურქეთში გაიმართა მედია ბანაკი, სადაც ახალგაზრდა ქართველი, ოსი და აფხაზი ჟურნალისტები შეიკრიბნენ. ერთად გატარებულმა ცხრა დღემ საგრძნობლად შეცვალა მათი შეხედულება ერთმანეთზე:

 

„ადრე მეგონა, რომ ქართველები უხეში და ამპარტავანი ხალხი იყო. მაგრამ მას შემდეგ, რაც ქართველ ახალგაზრდებს შევხვდი, მივხვდი, თუ რამდენად მცდარი იყო ჩემი წარმოდგენა,“ - ამბობს 19 წლის ტელე ჟურნალისტი ცხინვალიდან.

 

მედია-ბანაკის იდეის ავტორები ორგანიზაციიდან „ინტერნიუს - საქართველო“ თვლიან, რომ მხოლოდ უშუალო ურთიერთობას და ერთობლივ საქმიანობას შეუძლია შეამციროს დაძაბულობა კონფლიქტის შედეგად დაშორებულ ადამიანებს შორის.

 

ცხრადღიანი ტრენინგის განმავლობაში, ახალგაზრდები გაეცნენ ჟურნალისტიკის პრაქტიკულ და თეორიულ მხარეებს. დაეუფლნენ გადაღების ტექნიკას, მონტაჟს და დოკუმენტური ფილმების სპეციფიკას. თეორიული სემინარები ჩაანაცვლა ინტერაქტიულმა გაკვეთილებმა, რომელთა მსვლელობაშიც ახალგაზრდები სამუშაო ჯგუფებად დაიყვნენ და მოკლე დოკუმენტური ფილმები გადაიღეს. თითოეულ ჯგუფში შედიოდა ერთი ქართველი, ერთი ოსი და ერთი აფხაზი მონაწილე.

 

„პირველი დღეები რთული იყო. ახალგაზრდები საკუთარ ეთნიკურ ჯგუფებში ჩაიკეტნენ და თანატოლებს იშვიათად ეკონტაქტებოდნენ. თუმცა, ერთად მუშაობის პროცესში, ეს დაძაბულობა განელდა, მონაწილეებმა უფრო თავისუფლად დაიწყეს ურთიერთობა და დამეგობრდნენ,“ - ამბობს კურსის ერთ-ერთი კოორდინატორი.

 

ახალგაზრდები ვერასდროს იფიქრებდნენ, რომ მედია ბანაკის მეშვეობით უამრავ ახალ მეგობარს გაიჩენდნენ. ერთ-ერთი მონაწილის თქმით:

 

„პრობლემებიც და ინტერესებიც საერთო გვაქვს. მოგვწონს ერთი და იგივე ფილმები, წიგნები, მუსიკა. ახლა სოციალური ქსელებით ვურთიერთობთ, ვუზიარებთ ერთმანეთს ჩვენს ამბებსა და გეგმებს. მედია ბანაკმა დაგვანახა, რომ საერთო პროფესიულ ინტერესებს მეგობრობა მოჰყვება, ისეთი მეგობრობა, რომელსაც შეუძლია ნდობის აღდგენა და კონფლიქტის გადალახვა“.

 

ჯანდაცვა და კონფლიქტის გამყოფი ხაზი

 

რვა თვის ჩვილს ღვიძლის სერიოზული დავაადება დაუდგინეს სოხუმის საავადმყოფოში. ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, ბავშვის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდებოდა. მშობლები მისი გამოჯანმრთელების იმედს კარგავდნენ.

 

ორგანიზაცია „მომავალი თაობისათვის“ დაეხმარა ოჯახს, გადმოეყვანა ბავშვი თბილისში, სადაც მან მკურნალობა გააგრძელა იაშვილის ცენტრალურ საბავშვო კლინიკაში, ინფექციური დაავადებების ცენტრსა და ავერსის კლინიკაში.

 

თბილისში ჩატარებულმა სამედიცინო გამოკვლევამ, საბედნიეროდ, არ დაადასტურა მძიმე დიაგნოზი და ბავშვის მდგომარეობა ეფექტური მკურნალობის შედეგად თანდათან გაუმჯობესდა.

 

ასეთი პაციენტები საკმაოდ ბევრია. აფხაზეთიდან გადმოსულები სამედიცინო დახმარებას იღებენ თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და გორში. ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა „მომავალი თაობისათვის“,  ეხმარება აფხაზ პაციენტებს გადაკვეთონ კონფლიქტის გამყოფი ხაზი და შესაბამის კლინიკებს დაუკავშირდნენ.

 

აფხაზეთში ჩვილთა სიკვდილიანობა არაოფიციალური მონაცემებით 20 პროცენტს შეადგენს. ხშირ შემთხევევაში, ასეთი მაღალი მაჩვენებელი გამოწვეულია სამედიცინო დანადგარების სიმცირითა და არაეფექტური მკურნალობით. თბილისის კლინიკებში მკურნალობა ხშირ შემთხვევაში სიცოცხლისა და იმედის ერთადერთი შანსია.

 

„უნდობლობის კედელი უნდა დაინგრეს“

 

„ჩემი ბიძაშვილი უკანასკნელად ოცი წლის წინ ვნახე. ომმა ერთმანეთს დაგვაშორა. ის ქუთაისში ცხოვრობს, მე ტყვარჩელში. მცირე მანძილია, მაგრამ მარტივად ვერ გაივლი,“ - ამბობს ასაკოვანი ქალბატონი.

 

2013 წელს ის ქუთაისში ჩავიდა და ოცი წლის წინ დაკარგულ ნათეოსობა მოინახულობა. თუმცა მისი ჩამოსვლის მთავარი მიზეზი სამედიცინო დახმარება იყო. სოხუმისა და ტყვარჩელის კლინიკებში მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო და დიდი ფიქრის შემდეგ მან მაინც გადაწყვიტა ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლი გადმოეკვეთა და ქართველი ექიმებისათვის მიემართა. 

 

„ქუთაისში პატივისცემითა და სიყვარულით დამხვდნენ. ექიმები კვალიფიციურები არიან, ხოლო სამედიცინო დაწესებულება კომფორტული. ექიმები ყურადღებას არ მაკლებდნენ. უნდობლობის კედელი ჩვენს შორის უნდა დაინგრეს“, - ამბობს ქალბატონი.

 

ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია“ უკვე რამდენიმე წელია ეხმარება აფხაზ და ოს პაციენტებს თბილისის, ქუთაისისა და ზუგდიდის კლინიკებთან დაკავშირებაში. მხოლოდ 2013 წელს 300-მდე ადამიანმა ისარგებლა ასეთი დახმარებით. ორგანიზაცია აკავშირებს ავადმყოფებს კლინიკებთან, აგვარებს ტრანსპორტირებისა და სხვა საორგანიზაციო საკითხებს. ხშირ შემთხვევაში სამედიცინო მომსახურება პაციენტებს უფასოდ მიეწოდებათ.

 

ხელოვნების ენა

 

ხელოვნება ადამიანთა საერთო ენაა, ფიქრობენ გერმანიის  სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტში.ეს მშვიდობის ენაა და არა კონფლიქტის. ამ ენაზე მოსაუბრენი არ განსჯიან, არამედ გრძნობენ. ამ ენას საზღვრები არა აქვს.

 

ორგანიზაციის ინიციატივით გაიმართა რამდენიმე სემინარი თურქეთში, სადაც ახალგაზრდა აფხაზი, ქართველი და ოსი ხელოვანები სწავლობენ, უზიარებენ ერთმანეთს შემოქმედებით იდეებს და საერთო პროექტებზე მუშაობენ.

 

„ჩვენ სხვადასხვა სამყაროდან ვართ. მაგრამ თუ  ლექსებს წერ, უკრავ ან ფოტო ხელოვნებით ხარ გატაცებული, საერთო ინტერესი უკვე არსებობს“, - ამბობს სემინარის ერთ-ერთი მონაწილე, თეატრის რეჟისორი თბილისიდან.

 

ფოტოგრაფებმა დედოფლისწყაროდან, გალიდან და სოხუმიდან ერთმანეთი სწორედ ასეთ სემინარზე გაიცნეს. მალევე დამეგობრდნენ და ახლა ერთობლივ გამოფენაზე მუშაობენ: „ცხოვრება ჩვენს ირგვლივ: გალი-სოხუმი-თბილისი.“ გამოფენა გერმანიაში გაიმართება.

 

„საზღვრები ვერ დააშორებენ ადამიანებს, თუ მათ ერთმანეთთან ურთიერთობა და საქმის ერთად კეთება სურთ,“ - ამბობენ ისინი.

 

ხელოვანთა პირველივე შეკრებებმა საფუძველი ჩაუყარა ერთობლივ პროექტებს, გამოფენებს, თეატრალურ წარმოდგენებს. ერთ-ერთმა აფხაზმა მონაწილემ სწავლის გაგრძელება თბილისში გადაწყვიტა, რაზეც მანამდე არასოდეს უფიქრია.

 

ხელოვანთა შეხვედრები 2014 და 2015 წლებშიც გაგრძელდება.

 

ივნისი 2014