გაეროს ერთობლივი პროგრამა: ადამიანის უფლებები ყველასათვის

მიმოხილვა

 ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღის აღნიშვნა ქუთაისში. 2015. ფოტო: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

„ადამიანის უფლებები ყველასათვის“ ევროკავშირისა და გაეროს ოთხი სააგენტოს ერთობლივი ინიციატივაა, რომლის განხორციელებაში მონაწილეობენ: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატი (OHCHR) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO). სამწლიანი პროგრამა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2015 წლის მაისში ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე. 

რას ვაკეთებთ

პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული შესაძლებლობების გაზრდას ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. ის ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას იმ საკითხებში, რომლებიც განისაზღვრა ევროკავშირისა და საქართველოს შეთანხმებით. პროგრამის პრიორიტეტებს შორისაა უმცირესობათა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა, სამართალდამცავ სტრუქტურებზე ზედამხედველობა, შრომის უფლებები, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლება.

პროგრამის მოსალოდნელი შედეგებია:  

  • ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მხარდაჭერა. უწყებათშორისი საბჭოსა და ადამიანის უფლებათა სამდივნოს ხელშეწყობა პოლიტიკის შემუშავების, განხორციელებისა და მონიტორინგის საკითხებში.
  • ადამიანის უფლებების დაცვის კულტურის მხარდაჭერა საქართველოში. საზოგადოების ინფორმირება ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ღირებულებებზე ადამიანის უფლებების სფეროში.
  • საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ხელშეწყობა.
  • შრომითი ურთიერთობებისა და შრომის უფლებების საკითხებში ეფექტიანი ინსტიტუტებისა და პროცედურების შექმნა და მხარდაჭერა.
  • ეროვნული შესაძლებლობების გაზრდა ბავშვზე ზრუნვის სისტემის გაძლიერებისა და უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების უფლებების დაცვის საკითხებში.
  • საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა და იურიდიული საკითხების კომიტეტის მხარდაჭერა.
  • სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი  მექანიზმების შემუშავების ხელშეწყობა.

ვინ აფინანსებს



სრული ბიუჯეტი: EUR 4,210,526
ევროკავშირი EUR 4,000,000
გაერო EUR    210,526